წარმატების ისტორიები
Lacoaj - აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი სამოსი
21 აგვისტო 2020
visibility 2151

აფხაზეთის დაკარგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კვლავ მძიმე მოგონებად რჩება. პრობლემის პარალელურად, რომლის გადაჭრასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა. ქართველი მილენიალები პირველები არიან, რომელთაც აფხაზეთი საერთოდ არ უნახავთ.


ნიკა მიქავაც ერთ-ერთი მათგანია, ის სოხუმიდანაა და ბრენდ „ლაკოაჟის“ შექმნის იდეა კალათბურთის თამაშის დრო დაებადა, როცა საკალთბურთო გუნდ „სოხუმის“ მაისური ეცვა. სამოსი აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე მორგებული და კომფორტული, მთავარი დეტალი კი შუაში განთავსებული წარწერა „SOKHUMI”.

 

ამბავი შემოდგომაზე დაიწყო, მას შემდეგ სოციალურ ქსელში ბრენდს უკვე 24 000 მიმდევარი ჰყავს და მისი მაისურის ტარებას არც ცნობილი ადამიანები ერიდებიან. „საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ჩვენ თაობას არ უნდა დაავიწყდეს“ - გვეუბნება მისი დამფუძნებელი ნიკა მიქავა.




როგორც ის გვიყვება, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბევრი არაფრის შეცვლა არ მოუწიათ, რადგან ძირითადი გაყიდვები ისედაც ინტერნეტით ხორციელდებოდა. მართალია მათი მომწოდებელი სამკერვალოები დროებით შეჩერებულია, თუმცა მარაგები საკმარისად აქვთ და არც მისი ამოწურვაა პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში პირადი მკერავები საქართველოში მრავლად არიან და „ლაკოაჟის“ მიწოდების სისტემას საფრთხე არ ემუქრება.

 

„ჩვენ მუშაობაში ხელი არ გვეშლება, მთავარია სახელმწიფო რეგულაციებმა შეგვიწყოს ხელი, დანარჩენი პრობლემას არ წარმოადგენს. Glovo-სთან ვთანამშრომლობთ და უსაფრთხოების ყველა წესი მიტანის დროს დაცულია. ხდება ტანსაცმილის დეზინფექცია და კურიერებიც ხშირ მონიტორინგს გადიან. შემოდგომის შემდეგ საკმაოდ განვვითარდით, გაიზარდა როგორც ცნობადობა, ისე წარმოების რაოდენობა. დიდი გეგმები გვაქვს, საწარმოს და მაღაზიის გახსნა გვინდა და როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება აუცილებლად შევასრულებთ გეგმას,“ - ამბობს ნიკა




დღემდე 1000 შეკვეთაზე მეტი აქვთ შესრულებული და კომპანია, რომელსაც თავიდან მხოლოდ ნიკა მართავდა, დღეს 8 ადამიანისგან შედგება. დროთა განმავლობაში „ლაკოაჟს“ დაემატა სპორტული და საბავშვო ხაზი, რამაც დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა გააჩინა.

 

„ძალიან მსურდა SOKHUMI-ს წარწერით მქონოდა მაისური. მსგავსი რამ ბაზარზე საერთოდ არ არსებობდა და აქედან გამიჩნდა სურვილი მე თვითონ შემექმნა ასეთი ბრენდი. იდეა გვაქვს, რომ ქართული Fast Fashion ბრენდი ვიყოთ და ოთხივზე სეზონზე შესაძლებელი იყოს ჩვენი ტანსაცმლის შეძენა.“ - ამბობს ნიკა.


მაისურები არამხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც პოპულარულია. რამდენიმე მათგანი აშშ-შიც გაიგზავნა, თუმცა ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება და ახლა სტარტაპი ცდილობს შედარებით იაფი გზა მოძებნოს, რათა მაისურები ექსპორტზეც გაიტანოს და მომხმარებელთა რაოდენობა უფრო გაზარდოს.