ბიზნეს სიახლეები
საუკეთესო პროდუქტი, როგორც ბიზნესის შეფასების მთავარი ინსტრუმენტი თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები და ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტი“
ბიზნეს ბლოგი
03 ოქტომბერი 2022
visibility 5493


კომპანიის წარმატებისთვის პროდუქტის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, ხშირად ბრენდის იდენტობის განმსაზღვრელიც. უკვე მეშვიდე წელია, თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში ჟიური ასახელებს კომპანიას, რომელმაც წლის საუკეთესო პროდუქტი ან სერვისი შექმნა. 

თუკი 2022 წლის განმავლობაში თქვენი პროდუქტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხარისხის, რებრენდინგის თუ მარკეტინგული კამპანიის საშუალებით, ხოლო შედეგად, გაზარდეთ გაყიდვები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, დიდხანს ნუ   იფიქრებთ,  დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოებაზე და გააცანით თავი ქართულ ბიზნესსაზოგადოებას.

გაითვალისწინეთ, ნომინაციაში მონაწილეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თუ რამდენად აქტუალური და ხარისხიანია თქვენი პროდუქტი, რა ღირებულებას ქმნით ბაზარზე, რამდენად გიცნობენ და გენდობიან. თუკი ქალთა მხარდაჭერა ან გარემოს დაცვა თქვენი ბიზნესისთვის პრიორიტეტულია, შანსი გაქვთ UN Women-ისა და Global Climate Partnership Fund-ის სპეციალური ჯილდოს მფლობელიც გახდეთ.

სანამ ბიზნესდაჯილდოება საუკეთესო ბიზნესების აღმოჩენისათვის ემზადება, ჟიურის წევრები ნომინაციის „საუკეთესო პროდუქტი“ შესახებ გვიყვებიან.


ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „ამ ნომინაციის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოსტპანდემიურ პერიოდში, ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიოში მთელი რიგი პროდუქტები და სერვისები გაციფრულდა. მეორე მხრივ, ბიზნესები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი პროდუქტის ტრანსფორმაციას, ვფიქრობ, იმსახურებენ იმ აღიარებას, რაც თიბისის ბიზნესდაჯილდოებას ცალკეული ბიზნესისთვის მოაქვს.

ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტის თუ სერვისის მიწოდება საქართველოსნაირი პატარა ბაზრისთვის გადარჩენისა და გაფართოების ერთადერთი გზა. თუ ბიზნესმა გაიაზრა, რომ პატარა ბაზარზე მუშაობა მისთვის არაა საინტერესო და გლობალურ ბაზარზე სურს გასვლა, ხარისხზე ორიენტირების გარეშე არაფერი გამოუვა.

აუცილებლად ვურჩევდი ყველა ბიზნესს ამ დაჯილდოებაში მონაწილეობას, ვინაიდან ესაა კარგი მომენტი, რათა კომპანიის მენეჯმენტმა დაინახოს, როგორია გარე თვალით დანახული მათ მიერ შექმნილი პროდუქტი თუ სერვისი. იქნება ეს კრიტიკული ანალიზი თუ აღიარება, გარე შეფასების თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. თიბისის ბიზნესდაჯილდოების ეს გამოცდილება წლების განმავლობაში ეხმარება ბიზნესს პარტნიორების მოძიებაში და მომავალშიც აუცილებლად დაეხმარება.“


ლევან გიორგაძე, „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილე: „ვფიქრობ, აღნიშნული ნომინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შექმნა საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება არის უდიდესი გამოწვევა და გულისხმობს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას, რაც თავის მხრივ, ბიზნესის წარმატების მთავარი საწინდარია.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულს მიეცემა საშუალება უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს თავისი პროდუქტი ან მომსახურება. აღნიშნული დაფასება მისცემს მათ საშუალებას მოიზიდონ პარტნიორები და შესაბამისად უფრო სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ბიზნესი.“


მიხეილ ხიდურელი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი: „ყოველწლიურად იქმნება ისეთი ახალი ნიშური პროდუქტები და სერვისები, რაც შეიძლება ვერც კი წარმოგვედგინა. ქვეყანაში ორივე მიმართულებით აქტიურია კონკურენცია, რაც ბიზნესსექტორს ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. გაიზარდა პროდუქტისა და სერვისის არჩევანი და თავად მომხმარებელიც. ბაზარი სწრაფად იცვლება და გარკვეული პერიოდულობით, ყველა კომპანიას უწევს გადახედოს საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას. სიახლეები იმდენად დინამიკურია, ბევრი ტიპის პროდუქტი და სერვისი ჩემთვისაც სიურპრიზია ხოლმე. ზოგიერთ პროდუქტს, არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პოტენციალი აქვს. ეს განაპირობებს ამ ნომინაციის აქტუალურობას და ის ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება.

ადამიანისთვის ძალიან რთულია, მიწვდეს და გაიგოს ინფორმაცია ყველა კომპანიის შესახებ. სწორედ ამისთვის არსებობს ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტი ან სერვისი“, რაც ბიზნესის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება. ეს კონკურსი ბიზნესს არამხოლოდ პოპულარიზაციაში უწყობს ხელს, არამედ ინვესტიციის მოზიდვაში ეხმარება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვება თავდაჯერებულობასაც მატებს ბიზნესს. ხედავ, რომ შენს საქმეს აფასებენ და შენი შრომა ღირებულია. ეს კი, გაძლევს მოტივაციას ახალი ძალებით განაგრძო საყვარელი საქმე.“


 

ერეკლე ინაშვილი, ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი: „ნებისმიერი ბიზნესისთვის ჯანსაღი კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გქონდეს ამბიცია მომხმარებელს შესთავაზო საუკეთესო პროდუქტი ან სერვისი, წარმატების აუცილებელი საწინდარია არამარტო ცალკეული ბიზნესისთვის არამედ სასიკეთოდ ადგება მთელი ქვეყნის განვითარებას. ბიზნესდაჯილდოება, კერძოდ, ეს ნომინაცია სწორედ ასეთი პროცესების წარმოშობას უწყობს ხელს.

შექმნა პროდუქტი, ნიშნავს დააკმაყოფილო ადამიანის მოთხოვნილება. მიეხმარო მას კონკრეტული მიზნის მიღწევაში. შექმნა საუკეთესო პროდუქტი, არა მხოლოდ ნიშნავს გადაუწყვიტო ერთი კონკრეტული პრობლემა არამედ შეცვალო მომხმარებლის ყოველდღიურობა, დაამკვიდრო ჩვევები და საგრძნობლოად გაუმარტივო ადამიანებს ყოველდღიურობა ააჩქარო პროცესები და შეცვალო ბაზარზე არსებული სტატუს-კვო.“


გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის პარტნიორი: „ამ კატეგორიაში გამარჯვებისთვის, ბიზნესი კონკრეტულ წელს უნდა იყოს გამორჩეული და განსხვავებული, როგორც მიღწევებით, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობით და ჩანდეს ბიზნეს გარემოში.

აღნიშნულ ნომინაციაში მონაწილეობა კომპანიებისათვის დამატებითი ცნობადობის მომტანია, პირველ რიგში, გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა ასეთ დაჯილდოებაში მონაწილეობა კომპანიას საშუალებას აძლევს საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს და გარდა აპლიკაციის წარდგენისა, დაინახოს, რა გააკეთა, რას მიაღწია და რის გაკეთება შეუძლია უკეთესად.“


თიბისი უკვე მე-7 წელია, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, ბიზნესდაჯილდოებას მართავს, რითაც ბიზნესის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს და საზოგადოებას უფრო მეტ წარმატებულ ადამიანს აცნობს. საერთო ჯამში, თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში, კონკურსში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო.

წელს  ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ძალები მოსინჯონ შემდეგ  ნომინაციებში: 

  • საუკეთესო პროდუქტი 
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

და მეხუთე ნომინაცია, რომელიც სიახლეა: 

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება 

მონაწილეთა რეგისტრაცია აქტიურ ფაზაში შევიდა და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდებიან, დარეგისტრირდი.