ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „ინოვაციური სტარტაპი“
ბიზნეს ბლოგი
04 ნოემბერი 2022
visibility 3432


დღეს მოგიყვებით თიბისის პროექტ ბიზნესდაჯილდოებაში  მონაწილე სამ სტარტაპზე, რომლებიც  მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობენ.

პირველი მათგანი ახალგაზრდა სტარტაპი, „ზეტენ რობოტიქსია“, რომელიც თვითნასწავლმა ელექტრონიკის ინჟინერმა, გამომგონებელმა ზურაბ ბარბაქაძემ 2022 წელს დააარსა. ზურაბ ბარბაქაძის საქმიანობა ტექნოლოგიების სფეროში 1994 წლიდან იწყება, მისი ძირითადი მიმართულებაა რობოტიზირებული დანადგარების პროტოტიპების შექმნაა. 

ციფრული საათი, ავტომობილის დისტანციურად ძრავის გამორთვის სიგნალიზაცია, GSM სიგნალიზაცია, ძრავების დისტანციური მართვა SMS საშუალებით, RFID წამკითხველი ლიფტი, ლიფტში საგადასახადო სააღრიცხვო სისტემა, თანამშრომელთა აღრიცხვის ქსელური RFID წამკითხველი, სათბურის კლიმატკონტროლის სისტემა, სამაცივრე დანადგარების კლიმატკონტროლის სისტემა, საკვების უკონტაკქტო მიმწოდებელი SmarBox, მარკეტი მოლარეს გარეშე -  იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ზურაბ ბარბაქაძეს უმუშავია. სტარტაპი „ზენეტ რობოტიქსის“ შექმნის იდეა კი „რობოტი მიმტანის“ პროტოტიპის შექმნის შემდეგ გაჩნდა, როდესაც პროექტი პანდემიის გამო შეჩერდა.

„რობოტი მიმტანის გაკეთება პანდემიამდე დავიწყეთ. ის ჩაფიქრებული იყო კაფისთვის, სადაც მომხმარებლის მომსახურება რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური რესურსის ჩარევით უნდა მომხდარიყო. ამ კაფეში მომხმარებელი უკვეთევს პროდუქტს პლანშეტის საშუალებით, ეს ინფორმაცია მიდის სამზარეულომდე, სადაც ამზადებენ შეკვეთას და აწყობენ მას რობოტ მაგიდაზე, რომელსაც მიაქვს პროდუქტი კონკრეტულ მომხმარებლამდე. ეს პრაქტიკა  იაპონიაში, ამერიკაში თუ გერმანიაში დიდი ხანია, არსებობს, მე გერმანული რობოტის პროტოტიპი შევქმენი. მთავარი იდეა კი ის იყო, რომ პროდუქტი დიდწილად საქართველოში მოძიებული მასალისგან შეიქმნა და, შესაბამისად, საკმაოდ ბიუჯეტური გამოვიდა. თუკი მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება დაახლოებით 25 000 დოლარია, ჩემ მიერ შექმნილი რობოტი დაახლოებით 2 500 დოლარი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს პროექტი პანდემიის გამო ბოლომდე ვერ განხორციელდა. სატესტო რეჟიმში გაეშვა პროექტი „მარკეტი მოლარის გარეშე“, რომელიც Amazon Go-ს მსგავსი, მაგრამ უფრო ბიუჯეტური პროექტია: მომხმარებელი შედის მაღაზიაში, კალათში აწყობს სასურველ პროდუქციას, მიდის ტურნიკეტთან, დაადებს თითს, მონიტორზე ჩამოეწერება პროდუქციის დასახელება და თანხა, რომელსაც იხდის ბარათით და გამოდის მაღაზიიდან. მომხმარებელი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს,  არც რიგში დგომა უწევს, ეს იყო ამ პროექტის უპირატესობა.

ბიზნესდაჯილდოების პროექტში დავრეგისტრირდი იმ მიზნით, რომ მომხმარებლამდე მიმეტანა ინფორმაცია ჩემი პროექტების შესახებ. გამარჯვების შემთხვევაში „რობოტ მიმტანს“ დავასრულებ,“ - ამბობს „ზენეტ რობოტიქსის დამფუძნებელი, ზურაბ ბარბაქაძე.




სტარტაპი „პროფესარეა“  2021 წელს დაარსდა. მისი პროდუქტი წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს მათ, ვინც აპირებს ჩააბაროს უმაღლესში, ანუ დგას იმ დილემის წინაშე, რასაც ჰქვია პროფესიის არჩევა, ან მათ, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა. ასევე, სპეციალურ კურსებს სხვადასხვა პროფესიის შესასწავლად. 

„ჩვენი პლატფორმა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, წინასწარ გაეცნონ საგნებს, რომელთა შესწავლასაც გეგმავენ და დარწმუნდნენ არჩევანის სისწორეში. არქიტექტურა, სამართალი, მარკეტინგი, პიარი, მედიცინა და ჟურნალისტიკა - ამ ეტაპზე ამ მიმართულებების გასაცნობი ონლაინკურსებს გთავაზობთ. თითო კურსი ყოველდღიური საათნახევრიანი ლექციისგან შედგება და ექვსდღიანია. ჩვენს  ტრენერებს - პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროებიდან - აქვთ კარგად დამუშავებული, გაწერილი პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც უხსნიან კურსის წევრებს არჩეული დარგის თავისებურებებს, არკვევენ სფეროს დეტალებში. ამ კურსის გავლის შემდეგ ადამიანი ან რწმუნდება თავისი პროფესიული არჩევანის სისწორეში, ან პირიქით, ხვდება, რომ ეს სფერო არ აინტერესებს და სხვაგან უნდა სცადოს ბედი.  ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა, რომელიც საზღვარგარეთ საკმაოდ გავრცელებულია, საქართველოში კი აქამდე არ არსებობდა, ძალიან დაეხმარება ადამიანებს თავიანთი გადაწყვეტილების უფრო ნათლად დანახვაში. სამომავლოდ ვგეგმავთ, ოფლაინ სივრცის შექმნას და მიმართულებების გამრავალფეროვნებას. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობაც, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი პლატფორმის შესახებ. გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმებს უფრო მარტივად და მოკლე დროში განვახორციელებთ,“ - ამბობს „უნივერსალ ლიგალ სერვისის“ დამფუძნებელი, შოთა ჩავლეიშვილი.




სტარტაპ „ბროკპორტის“ BrokPort დამფუძნებელი, ჯემალ შარაშიძე პროფესიით ბუღალტერია. ბათუმის საბაჟო დეპარტამენტში ათთვიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საბაჟოზე დიდი პრობლემას ქმნიდა იმპორტიორების მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, რაც, თავის მხრივ, ინფორმაციის დეფიციტით იყო გამოწვეული. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა შეექმნა კომპანია, რომელიც იმპორტიორებს ერთ სივრცეში შესთავაზებდა ყველა საჭირო მომსახურებას და ამით, ერთი მხრივ, თავად იმპორტიორებს  დაეხმარებოდა დროის და ფულადი რესურსის დაზოგვაში, მეორე მხრივ კი მებაჟეებსაც საქმეს შეუმსუბუქებდა. ასე დაარსდა კომპანია „ბროკპორტი“, რომელიც ამ მიმართულებით პირველი კომპანიაა ბათუმში.

„ჩვენ ვართ ინოვაციური სტარტაპი, რომელიც ეხმარება იმპორტიორებს, მიმართონ თავიანთი ფიზიკური თუ ფინანსური რესურსი თავიანთ საქმიანობაზე და არ კარგონ დრო საბაჟო პროცედურების განხორციელებაში. დროის მინიმალური დანახარჯით ვუზრუნველყოფთ მათ მაქსიმალურ სარგებელს. ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეებს, ეხმარება მათ საბაჟო პროცედურების გამარტივებაში, უწევს კონსულტაციას საბაჟო, საბუღალტრო, იურიდიულ საკითხებში. ასევე, უცხოენოვან მომხმარებლებს ვუწევთ მთარგმნელობით მომსახურებას და ვეხმარებით საბაჟოსთან ურთიერთობაში. ერთ სივრცეში ვთავაზობთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას, რაც სიახლეა ჩვენი რეგიონისთვის. იმედი გვაქვს, ბიზნესდაჯილდოების პროექტის საშუალებით, უფრო მეტი მომხმარებელი გაგვიცნობს,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ჯემალ შარაშიძე.