ბიზნეს სიახლეები
„ინოვაციური სტარტაპი“ – გაიგე, რას გამოარჩევს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჟიური ამ ნომინაციაში
ბიზნეს ბლოგი
10 ოქტომბერი 2022
visibility 11074

შვიდი წლის წინ, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესდაჯილდოება ჩამოყალიბდა. მასშტაბური ღონისძიება ბიზნესის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად და ამავდროულად საზოგადოებას უფრო მეტ წარმატებულ ადამიანს აცნობს. მთლიანობაში, თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიის მანძილზე, კონკურსში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო.


წელს ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ძალები მოსინჯონ შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო პროდუქტი
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

და მეხუთე ნომინაციაში, რომელიც სიახლეა:

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

მონაწილეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი გამორჩეული ნომინაციის ფარგლებში, საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს გამოავლენენ. თუკი თქვენი სტარტაპი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნას პასუხობს და აგვარება აქტუალურ პრობლემას, ასევე, მასშტაბირების პოტენციალი აქვს და კონკურენტუნარიანობის მოპოვებაც შეუძლია, ბევრს ნუ იფიქრებთ – დარეგისტრირდით „ინოვაციური სტარტაპის“ ნომინაციაზე.

ნომინაციის შეფასებისას ყურადღება მიექცევა, თუ რამდენად პასუხობს მომხმარებელთა პრობლემას თქვენი სტარტაპი, რამდენად მარტივია თქვენი შეთავაზება მომხმარებლისთვის, როგორია ბიზნეს მოდელი, სტარტაპის პოტენციალი და თავად გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის.

ამას გარდა, თუკი თქვენი სტარტაპი ქალთა მხარდაჭერას ან გარემოს დაცვას ითვალისწინებს, UN Women-ისა და Global Climate Partnership Fund-ის სპეციალური ჯილდოს მფლობელიც შეიძლება გახდეთ.

როგორ შეაფასებენ ინოვაციურ სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი ამ ნომინაციაში მონაწილეობა, ამ კატეგორიის ჟიურის წევრებისგან მოვისმინეთ:

გეგა წურწუმია, Payze-ის თანადამფუძნებელი: „ნებისმიერი ტიპის შეჯიბრი თუ საჯარო გამოსვლა ადრეული ეტაპის სტარტაპისთვის ძალიან კარგი გამოცდაა თავისი შესაძლებლობის შესამოწმებლად… გამარჯვება მოუტანს როგორც საჯაროობას, ისე პოტენციურად მეტი უკუკავშირის მიღებას და კლიენტების ბაზაზე გასვლას. შეფასებისას გავითვალისწინებ გუნდის სიძლიერეს, პროდუქტის განვითარების ეტაპს, აქამდე განვლილ გზას და პროექტის პოტენციურ მასშტაბს.“


დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში: „მსოფლიოში ინოვაციების დანერგვა ჩვენი სტრატეგიული იმპერატივია. ამ მხრივ, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, გვჯერა, სტარტაპები ბიზნესის მომავალია – მათ შეუძლიათ დაარღვიონ სტერეოტიპები, შემოგვთავაზონ ინოვაციური იდეები, იფიქრონ საზღვრებს მიღმა და იყვნენ ადგილობრივი ბაზრის მამოძრავებელი ძალა.

მიმაჩნია, რომ ინოვატორების მიერ შემოთავაზებული დადებითი ცვლილებები ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. ჩემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე მიმართულებაზე, როგორიცაა სტარტაპიდეის უნარი შეეძლოს არსებული რეალობის შეცვლა, საზღვრების გადალახვა და სხვების მოლოდინების დაკმაყოფილებაზე მეტად საკუთარ დღის წესრიგს მიჰყვეს.“


დავით ჩეჩელაშვილი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი: „წელს, საქართველოში უკვე არის ის დრო, რომ სტარტაპი შეფასდეს გლობალურად და არა ლოკალურად. ინდუსტრია გაიზარდა და სტანდარტმაც აიწია. ამ ნომინაციაში მონაწილეობა სტარტაპისთვის ნიშნავს ცნობადობის გაზრდას და ვალიდაციას, რომ ნამდვილად ინოვაციური სტარტაპია, რომელიც გლობალური მასშტაბით იქნება კონკურენტუნარიანი. ამ გამარჯვებას, პირველ რიგში, მოჰყვება აღიარება, რაც ინოვაციურ სტარტაპებს ძალიან აკლიათ. ისინი ისეთ რაღაცებს ქმნიან, რომლის აქტუალობაც დადგება „ხვალ“ და შესაბამისად, ამ დროისთვის ბევრი ხალხი არ აფასებს ან საერთოდ არ ესმით, რას აკეთებენ ეს სტარტაპები.

მე, როგორც ჟიურის წევრი, ვეძებ ისეთ ინოვაციებს, რომელიც ახალ კატეგორიას ქმნის ან მთლიანად არარელევანტურად აქცევს კონკურენტთა ჯგუფს, სრულიად ახალი შემოაქვს თავის კატეგორიაში. ეს არ ეხება მხოლოდ ტექნოლოგიას, ეს შეიძლება იყოს ბიზნეს მოდელის ცვლილება, ახალი არხის გამოყენება. ეს იქნება ცვლილება, რომელსაც ექნება ინდუსტრიის რადიკალურად შეცვლის პოტენციალი. შესაძლებელია, გაიმარჯვოს ისეთმა სტარტაპმა, რომელიც უბრალოდ იმეორებს იმას, რაც უკვე დაამტკიცა – რომ აქვს ასეთი პოტენციალი, თუ გარკვეულ ეტაპზე წინ იქნება წასული, მაგალითად, სხვა ბაზრის მასშტაბს ან მთელ რეგიონს ითვისებს. ბუნებრივია, პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ, ვისაც სიახლე აქვთ, გლობალური მასშტაბით. “


ავთანდილ კასრაძე, GITA-ს თავმჯდომარე: „ქვეყანაში დიდია მხარდაჭერა ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. კერძო სექტორის მიერ შექმნილი წახალისების ასეთი ინსტრუმენტი გულისხმობს, რომ შეჯიბრება იყოს მუდმივად, ყველას ჰქონდეს მოტივაცია და უფრო მეტად ინოვაციურობის ამბიცია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს წაახალისებს და დაუფასებს შრომას. ამიტომ ვართ ჩართულები ასე აქტიურად ამ პროცესში, რომ შევძლოთ ობიექტურად შევაფასოთ ამ ადამიანების გავლილი გზა იდეიდან სტარტაპამდე და ეს წარმატება თვალსაჩინო გავხადოთ. ვაჩვენოთ, რომ ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფოც და კერძო სექტორიც. ამ შემთხვევაში, TBC ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს, რათა ასეთი ხალხი იყოს დაფასებული.

როგორც ჟიურის წევრი, ვიტყოდი, რომ ისეთ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიექცევა ყურადღება, რომლებსაც აქვთ გლობალური მასშტაბირების პოტენციალი. ინოვაციური ბიზნესიდეის განხილვისას, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ჩვენი ინოვაციური პროდუქტი გლობალურად კონკურენტუნარიანი გახდეს. გლობალურში არ იგულისხმება აუცილებლად მთელი მსოფლიო, შეიძლება რეგიონალური მასშტაბითაც იყოს: აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, ცენტრალური აზია და ა.შ.

პირველ რიგში, ეს დამატებითი მოტივაცია ან აღიარებაა მონაწილისთვის და ზოგადად რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ ინოვაციურ სტარტაპებზე და რაც შეიძლება მეტმა გაიგოს ამის შესახებ. ეს უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს ინოვაციური ეკოსისტემისკენ. შედეგად, ჩვენი ქვეყანა მეტად დაფასდება ინოვაციების მიმართულებით.“


რამაზ კუკულაძე, Alte უნივერსიტეტის პრეზიდენტი: „პირველ რიგში, ამ ნომინაციის არსებობა არის იმ საქმიანობის დაფასება, რასაც ნომინანტები ეწევიან. დავამატებდი იმასაც, რომ მსგავსი ნომინაციები ხელს უწყობს სტარტაპების წახალისებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობის წახალისებას შექმნან მეტი სტარტაპი აქვს მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ბენეფიტი, და ბოლოს, ეს ნომინაცია არის მნიშვნელოვანი საშუალება სტარტაპების და მათი პროდუქტების საზოგადოებისთვის, ბაზრისთვის გასაცნობად.

სტარტაპები არ და ვერ არსებობენ იზოლაციაში/ვაკუუმში. ისინი ხდებიან ნაწილი დიდი სისტემის, სადაც ურთიერთობენ ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, კონსულტანტებთან, ფრილანსერებთან, სერვისის მომწოდებლებთან, სხვა სტარტაპებთან, სახელმწიფო სააგენტოებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ა.შ, რასაც ჩვენ სტარტაპ-ეკოსისტემას ვეძახით. ამ ნომინაციის არსებობა ასევე დაფასებაა ეკოსისტემის თითოეული მონაწილისთვის და მამოტივირებელი, რომ მომავალშიც ხელი შეუწყოს ახალი სტარტაპების შექმნას.

სტარტაპების 95% ვეღარ აგრძელებს საქმიანობას ახალი, ინოვაციური იდეების ნაკლებობის გამო. ყველა სტარტაპი უნდა ეცადოს, რომ ინოვაცია მათი ორგანიზაციული კულტურის ნაწილი გახადოს. ინოვაცია მათ მისცემს საშუალებას გადაჭრან მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, იყვნენ კონკურენტებზე წინ და საბოლოო ჯამში, ბაზარზე ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდნენ.“

დარეგისტრირდი: www.Businessaward.ge