ბიზნეს სიახლეები
თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბიზნეს ბლოგი
27 ოქტომბერი 2021
visibility 2239


თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, 10 ფინალისტს  შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

 

I ადგილი - Theneo, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მაღალხარისხიანი, ინტერაქციული და ლამაზი API დოკუმენტაციის წარმოებაა შესაძლებელი. ცნობისთვის, API არის მარტივი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინფორმაციას გზავნის ვებ-გვერდს/აპლიკაციასა და მომხმარებელს შორის.

 

II ადგილი - Strange Elo,  ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. 

 

III ადგილი - Exponent Group ქმნის პლატფორმას, რომლის მეშვეობით სოციალურ ქსელსა და მესენჯერ აპლიკაციებში ემოციების გაზიარებას ხმოვანი გიფების საშუალებით შევძლებთ. ამ ეტაპზე მათ მობილური აპლიკაციები, ვებგვერდი Kikliko.com და Browse Extension შექმნეს, სადაც თავმოყრილია გიფები და შესაძლებელია მათი პირდაპირ მესენჯერში გაზიარება.

 

გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი -     15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.



  “ჩვენი მიზანია, გავხდეთ API მენეჯმენტის ლიდერი საერთაშორისო ბაზარზე,  ამისთვის კი არსებითი მნიშვნელობისაა სწორად დაგეგმილი მარკეტინგი. აპლიკაციების კონკურსში მიღებული თანხა შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ დღეს არსებული რიტმი და მეტი ყურადღება დავუთმოთ პროდუქტის პოპულარიზაციას“ - ანა რობაქიძე, Theneo.

 



“თიბისის აპლიკაციების კონკურსი იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოწვევა და გამოცდილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. შევხვდი ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ყველამ თავისებური აზრი გაგვიზიარა, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩვენს გამარჯვებაში. ამასთან, განვავითარე სწორი საკომუნიკაციო უნარები, ეს კი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ანალოგიური კონკურსებში გამარჯვებისა თუ ინვესტიციების მოზიდვისთვის” - გიორგი ცარციძე, Strange Elo. 

 



“თიბისის აპლიკაციების კონკურსის შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე, თუმცა წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.  ჟიურიში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თეორიულად კი არ იციან ბიზნესისა და სტარტაპის მუშაობის შესახებ, არამედ, რეალურად, მსოფლიო მასშტაბის კომპანიების შექმნის გამოცდილება აქვთ. მათგან ძალიან ღირებული რეკომენდაციები მივიღეთ”- გივი ბერიძე, Exponent Group.

 

ათივე ფინალისტის ნახვა შეგიძლიათ:   www.youtube.com/AppsChallenge-Final

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

თიბისის აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭრია - GITA.