ბიზნეს სიახლეები
10 რჩევა ბიზნესდაჯილდოებაზე წარმატებით დასარეგისტრირებლად
ბიზნეს ბლოგი
05 ოქტომბერი 2021
visibility 4491



ბიზნესდაჯილდოება 2021-ზე რეგისტრაცია დაიწყო! მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. მისი დახმარებით შეგიძლიათ საზოგადოებას თქვენი კომპანიის წარმატების ისტორია მოუთხროთ და გამორჩეული მიღწევების გამო თქვენზე მორგებული პრიზებიც მიიღოთ.


წელს ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ კომპანიებს სამი პრიზიდან ერთ-ერთის ამორჩევის საშუალება ექნებათ. ესენია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი და საკომუნიკაციო მხარდაჭერა.


ამ ბლოგში კი გიზიარებთ ათ რჩევას, რომლის გათვალისწინებით თქვენი განაცხადი სრულყოფილი გახდება.


1. შეარჩიეთ შესაფერისი ნომინაცია

წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე განაცხადი 5 ნომინაციიდან ერთ-ერთში შეგიძლიათ შეიტანოთ. ეს ნომინაციებია:


  •  საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
  •  გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
  •  საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის
  •  საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  •  გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

გადაავლეთ თვალი თითოეული ნომინაციის შინაარსსა და მოთხოვნებს და აირჩიეთ ზუსტად ის, რომელიც თქვენი კომპანიის საქმიანობასა და ისტორიასთან ყველაზე ახლოსაა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი განაცხადების შერჩევისას სწორედ ნომინაციასთან შესაბამისობაა. 



2. გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს

თითოეული ნომინაციისთვის დადგენილია კრიტერიუმები, რომლებითაც ჟიურის წევრები ხელმძღვანელობენ. იმისათვის, რომ თქვენი განაცხადი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ეცადეთ, იგი ამ შეფასების კრიტერიუმებს პასუხობდეს.


“საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის” ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:


  • პროექტის გავლენა ორივე პარტნიორის ბიზნეს შედეგებზე
  • დადებითი გავლენა ბრენდზე
  • პროექტი იყო კარგი მაგალითი სხვებისთვის
  • პროექტი პასუხობს/უპასუხა მნიშვნელოვან გამოწვევას და ჰქონდა ამბიციური მიზნები
  • ორმხრივი კონტრიბუცია პროექტის შედეგების მიღწევაში


“გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში” ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:


  • კომპანიამ რეგიონში შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისებზე
  • კომპანიას აქვს დადებითი გავლება ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე (ქმნის კონკურენტულ გარემოს, აჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს)
  • კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში (აჩენს ღირსებულ სამუშაო ადგილებს, არის სანდრო დამსაქმებელი)
  • კომპანია ახდენს დადებით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე და ქმნის ახალ ქცევას
  • კომპანიას არის მზარდი (იზრდება შემოსავლები, ბაზრის წილი)


“საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის” ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:


  • პროდუქტის/მომსახურების აქტუალურობა
  • ღირებულების შექმნა
  • ზრდის პოტენციალი
  • ცნობადობა
  • ხარისხი და სანდოობა


“საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის” ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:


  • პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას / ინოვაციურია
  • ბაზრის მოცულობა (მასშტაბირების პოტენციალი)
  • ბიზნეს მოდელი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლებისთვის
  • გუნდის შეფასება

“გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის” ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:


  • კომპანიის საქმიანობის დადებითი ზეგავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე
  • აქტივობების განგრძობითობა და მასშტაბირების პოტენციალი
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება


3. განცხადებას დაურთეთ ფოტოსურათი და ლოგო

ბიზნესის საიმიჯო ფოტოსა და ლოგოს ატვირთვა აუცილებელი მოთხოვნა არაა, თუმცა უმჯობესია, თუ მათ მაინც დაურთავთ და უფრო ცხადად, ვიზუალური საშუალებებით აჩვენებთ თქვენი კომპანიის ღირებულებებსა და მიმართულებას. ეს ჟიურის წევრებს დაეხმარებათ, სრული წარმოდგენა შეიქმნან თქვენს კომპანიაზე. 


4. ნომინაციასთან შესაბამისად აღწერეთ თქვენი კომპანიის აქტივობები

რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი კომპანიის აქტივობების აღწერაა. ესაა ეტაპი, სადაც უნდა აჩვენოთ, რომ კომპანია თქვენ მიერ შერჩეული ნომინაციის შესაბამის საქმიანობას ეწევა. გაითვალისწინეთ ნომინაციის კრიტერიუმები და ლაკონიურად გადმოეცით ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაგიკეთებიათ. იქიდან გამომდინარე, რომ განაცხადის ტექსტი მოკლე უნდა იყოს, ეცადეთ, ფოკუსი არა ზოგად აქტივობებზე, არამედ კონკრეტულად ნომინაციის შესაბამის ნიუანსებზე გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ეს განცხადების ის ნაწილია, რომელსაც ჟიური ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევს.


5. აჩვენეთ მოტივაცია

“თქვენი აზრით, რატომ უნდა მოიპოვოს თქვენმა კომპანიამ ჯილდო 2021 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე კონკრეტულ ნომინაციაში?” — ესაა მთავარი შეკითხვა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, აჩვენოთ თქვენი მოტივაცია, ხაზი გაუსვათ თქვენს მიღწევებს, საქმიანობის მასშტაბებს თუ გავლენას, რომელიც საზოგადოებაზე იქონიეთ. ეს პუნქტიც უაღრესად საყურადღებოა და შეფასების პროცესში მას განსაკუთრებით ითვალისწინებენ.


6. ყურადღება გაამახვილეთ წლევანდელ მიღწევებზე

ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიური მოვლენაა, ამიტომ უმჯობესია, თუ განაცხადში ყურადღებას ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილებთ. ჟიურის წევრები, ზემოხსენებული კრიტერიუმებისა გარდა, სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და უპირატესობას იმ კომპანიებს მიანიჭებენ, რომლებმაც მიმდინარე წელს დააარსეს გამორჩეული სტარტაპი, შექმნეს პროდუქტი ან სერვისი, დაიწყეს ბიზნესთანამშრომლობა, გააუმჯობესეს ვითარება რეგიონში ან გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.


7. მიუთითეთ სრულყოფილი საკონტაქტო ინფორმაცია

სარეგისტრაციო ფორმის ბოლო ეტაპი საკონტაქტო ინფორმაციის შევსებაა. ამ გვერდზე უნდა მიუთითოთ მთავარი საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, ნომერი და ელფოსტა. ასევე არასავალდებულო, თუმცა მნიშვნელოვანი ეტაპებია თქვენი ვებსაიტისა და ფეისბუქ გვერდის ბმულებისა და დამატებით ინფორმაციის მითითებაც, რაზეც მომდევნო ქვეთავებში მოგითხრობთ. 

8. განცხადებას დაურთეთ ბმულები

სასურველია, თუ განცხადების შევსების ბოლო ეტაპზე ვებგვერდის ან ფეისბუქ გვერდის ბმულსაც მიუთითებთ. ასე ჟიურის წევრებს საშუალებას მისცემთ, გაიგონ მეტი თქვენ შესახებ. ამასთან, ამ გზით შეძლებთ გაამდიდროთ ის ინფორმაცია, რომელიც წინა გვერდზე წერილობით გადმოეცით.


9. საჭიროების შემთხვევაში, მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია 

ამ ეტაპის შევსება არა სავალდებულო, მაგრამ სასურველია. იქიდან გამომდინარე, რომ სარეგისტრაციო ფორმის საწყის ეტაპზე მხოლოდ 150 სიტყვაში უნდა ჩაატიოთ თქვენი კომპანიის აქტივობები, ეს ეტაპი საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ჟიურის წევრებს თქვენი საქმიანობის ან მიღწევების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს და უნდა იყოს შექმნილი შემდეგი ფორმატებიდან ერთ-ერთში: ppt,pdf,doc,xls,pdf,jpg,png.


10. გადაამოწმეთ თითოეული ველი და გაგზავნეთ განაცხადი

დარწმუნდით, რომ ყველა ველი სათანადოდაა შევსებული — სწორად გაქვთ თუ არა მითითებული კომპანიის ან ინდ. მეწარმის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, საქმიანობის სფერო და სასურველი ნომინაცია. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ტექსტის გამართულობას, საკონტაქტო ინფორმაციის სრულყოფილებას და ამის შემდეგ გაგზავნეთ განაცხადი.


რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ვებსაიტს www.businessaward.ge გისურვებთ წარმატებას!