Business news
„თბილღვინოს“ მზადება რთველისთვის და ტექნოლოგიური განვითარება
ბიზნეს ბლოგი
12 August 2024
visibility 2640



2024 წლის რთველს „თბილღვინო“ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლებებით ხვდება. 2 წლის წინ, თიბისიმ  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, კომპანია 12 მილიონით ლარით დააფინანსეს. დაფინანსების ფარგლებში, წინანდალში 3.5 ჰა ფართობზე - კახური მწვანე, მეოთხედ ჰექტარზე კი კახური მცვივანის ჯიშის ვენახები გაშენდა. ახალი ვენახების პირველ მოსავალს, კომპანია სწორედ წლევანდელ რთველზე ელოდება.


 

ამ დაფინანსებით, „თბილღვინომ“ მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზიც დაამატა, რომელმაც წარმადობა გააორმაგა, ელექტროენერგიის მოხმარება ერთეულ ბოთლზე კი 30%-მდე შეამცირა.


 

დაფინანსების კიდევ ერთი პროექტი საქვევრე მეურნეობაა, რომლის მშენებლობაც, მომავალ წელს დაიწყება. 

წლევანდელ რთველზე „თბილღვინო“ 3000 ტონა ყურძენს ელოდება. პრემიალური ღვინოებისთვის ყურძენი ხელით იკრიფება და თითოეული მტევანი გულისყურით ირჩევა.  გასულ წელს, რამდენიმე ვენახში კომპანიამ ყურძენი ინოვაციური ტექნოლოგიით - ფრანგული ყურძნის საკრეფი დანადგარით დაკრიფა, რომელიც ყურძნის ზედმეტი ნარჩენების გარეშე კრეფას, მისი ხარისხის შენარჩუნებასა და  ეფექტურ სამუშაო პროცესს უზრუნველყოფს. 

 წლევანდელ სეზონს სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებითაც შეხვდა კომპანია: ესპანური წარმოების SPAG ჯგუფის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაამონტაჟა, რომელიც 15 კმ სიმაღლეზე სითბურ ტალღებს ავრცელებს და ხელს უშლის სეტყვის მარცვლების აგრეგაცია-შეერთებას. მცირე ზომის სეტყვის მარცვლები მიწაზე დაცემისას დნება და წვიმის სახით მოდის, ან ზომაში მცირდება და თოვლის/უმნიშვნელო სეტყვის სახეს იღებს. აპარატის ეფექტურობა 95%-ია.

კომპანიამ ვენახებში მეტეო სადგურიც დაამონტაჟა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა შექმნა. კომპანიის იტალიელი კონსულტანტები პირდაპირ რეჟიმში იღებენ ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს და მევენახე-მეღვინეებთან ერთად მართავენ პროცესებს. 


ვენახებსა თუ საწარმოში დანერგილი ყველა ეს ტექნოლოგიური ცვლილება, საბოლოოდ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მზარდ გამოხმაურებებსა და მოთხოვნაზე აისახება. 

კომპანიისთვის სტრატეგიულ - დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, „თბილღვინოს“ პროდუქციის რაოდენობა იზრდება. პარტნიორი ქსელების ტენდერებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობასთან ერთად, კომპანიის რესურსი აქტიურად ხმარდება საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაციას. არაერთი საინფორმაციო სტატიაც გამოქვეყნდა ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში, როგორებიცაა: METRO magazine, The Independent, The Guardian, City A.M და სხვა. 

იზრდება გერმანიის ბაზარზე ექსპორტიც. „თბილღვინომ“ გერმანიის პრემიალური ღვინოების ონლაინ მოვაჭრე რითეილ კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც ელექტრონულ კომერციას, საცალო მოხმარებასა და B2B მიმართულებას აერთიანებს.  

ბოლო 1 წელი დატვირთული იყო გამოფენებითა და აღიარებებითაც: ჩინეთში, ღვინის ინდუსტრიის ინოვაციების - AIIC კონფერენციაზე, „თბილღვინომ“ ქართული მეღვინეობის მდიდარი ისტორია გააზიარა. ღვინის პროფესიონალმა - კესიდი დარტმა „თბილღვინოს“ საფერავი და ბრენდი წარდგენა და მისი დეგუსტაციის სესიაზე, „თბილღვინოს“ პროდუქციამ გამორჩეული უკუკავშირი მიიღო. 

„თბილღვინომ“ 400-ზე მეტ კომპანიასთან ერთად გახსნა ლონდონის ღვინის გამოფენა. წელს პირველად, Drinks Business-მა, ამ გამოფენისადმი მიძღვნილ ონლაინ და ბეჭდურ სტატიაში „თბილღვინოზე“ ისაუბრა  და ღვინის მოყვარულ მილიონამდე მკითხველს გააცნო კომპანია.

„თბილღვინო“ აგრძელებს  ენდემური, იშვიათი ჯიშების განვითარებას, თუმცა პრიორიტეტი კვლავ ფლაგმანი საფერავია. 

დაგროვილმა გამოცდილებამ, მიღწევებმა და ცოდნამ, კომპანია ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ახალი ეტაპი ახალ სტრატეგიას გულისხმობს. პარტნიორი საკონსულტაციო კომპანიებისა და ექსპერტების დახმარებით, „თბილღვინო“ ახალ კოლექციას ქმნის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მომხმარებელი, სულ მალე დააგემოვნებს  პრემიალური ხაზის უნიკალურ ღვინოებს.