Business news
თიბისი - ლიდერი ფაქტორინგში
ბიზნეს ბლოგი
19 July 2022
visibility 5699


გამოწვევებით სავსე 2020 წლის შემდეგ, 2021 ფაქტორინგის გლობალური ინდუსტრიისთვის გარდამტეხი წელი აღმოჩნდა. პანდემიის გავლენების მიუხედავად, ამ პროდუქტმა წარმოუდგენელი მდგრადობა აჩვენა. ფაქტორინგისა და ფინანსირების გლობალურმა ასოციაციამ FCI-მ ცოტა ხნის წინ გასული წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ ფაქტორინგის და დებიტორული დავალიანების ინდუსტრია მნიშვნელოვნად, კერძოდ, 13.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2020 წელს 6.5%-იანი კლება ჰქონდა. მოცულობებში კი გლობალური სტატისტიკა შემდეგნაირია: 2021 წელს 3,094 მლრდ ევრო, 2020 წელს - 2,724 მლრდ ევრო. თუმცა, ბუნებრივია, ფაქტორინგის წილი საბანკო პროდუქტებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია.  

მსოფლიოს პრესტიჟული გამოცემა BCR Publishing ფაქტორინგის მსოფლიო მიმოხილვას (World Factoring Yearbook) ყოველწლიურად აქვეყნებს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ქვეყნების დონეზეც კი დაინტერესებული ადამიანი  ამ ინდუსტრიის განვითარებას გაეცნოს. წლევანდელ Yearbook-ში თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსის თამარ ხიზანიშვილის სტატიაც მოხვდა. 


საქართველოში ფაქტორინგი, რომელიც ინვოისების დაფინანსებას და მიმდინარე დებიტორული დავალიანების ამოღებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს, ახლა იკიდებს ფეხს. ამ პროდუქტს დებიტორებს სულ რამდენიმე ბანკი სთავაზობს. აქედან გამომდინარე, პრესტიჟულ გლობალურ გამოცემაში საქართველოს მიმოხილვის გამოქვეყნება, ერთი მხრივ, ქვეყნის წარმოჩენისთვის, მეორე მხრივ კი ქართული საბანკო სივრცისთვისაც მნიშვნელოვანია. სტატია ფაქტორინგის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს მიმოიხილავს. თამარ ხიზანიშვილი გაგაცნობთ - რა არის ფაქტორინგი და ასევე, როგორ უმარტივებს თიბისი კომპანიებს ბიზნესპროცესებს აღნიშნული პროდუქტით.


ფაქტორინგის ბაზარი და საქართველო

ქართული ბანკები შემდეგ პროდუქტებს იყენებენ ვაჭრობის დასაფინანსებლად: 1. ვაჭრობის დაფინანსების ტრადიციულ  პროდუქტებს: დოკუმენტურ აკრედიტივს, სტენდბაი აკრედიტივს, საბანკო გარანტიას და სხვა  2. სასესხო პროდუქტებს: ოვერდრაფტი, სესხები საბრუნავი კაპიტალისთვის და სხვა და 3. ფაქტორინგს. 

ფაქტორინგი საქართველოს ბაზრისთვის ახალი პროდუქტია. პირველი ტრანზაქცია 2007 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TPF) ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის ომმა და ასევე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა საქართველოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია, ახალი საბანკო პროდუქტი - ფაქტორინგი 2018 წლამდე ნაკლებად პოპულარულ პროდუქტს წარმოადგენდა.

2018 წლის შემდეგ ფაქტორინგი საბანკო პროდუქტებში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. სწორედ ამ დროიდან, ქართულმა ბანკებმა მისი შეთავაზება ბიზნესებისთვის „აგრესიულად“ დაიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ ვაჭრობის დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროდუქტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც მომწოდებლისთვის, ასევე მყიდველისთვის. ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით არის ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც, უმეტეს შემთხვევაშიარ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია. ფაქტორინგით სარგებლობა შესაძლებელია საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად და დამატებითი ლიკვიდობის მოსაზიდად. 

 

გამოწვევები ქართულ ბაზარზე 

საქართველოში ბიზნესს ფაქტორინგს  მხოლოდ კომერციული ბანკები სთავაზობენ. ბაზარზე სპეციალურად ფაქტორინგის შემთავაზებელი კომპანიები არ არსებობს. ბანკებს შორისაც მხოლოდ რამდენიმე. თიბისი ფაქტორინგის ბაზარზე მთავარი მოთამაშეა, რომელზეც 2021 წლის მონაცემებით, ფაქტორინგის ბრუნვის 68% მოდის.

რაც შეეხება გამოწვევებს, აღსანიშნია, რომ ფაქტორინგი სასესხო პროდუქტების კონკურენტია, ამიტომაც დაბალი ცნობადობიდან გამომდინარე, და ასევე იქიდან გამომდინარეც, რომ ბანკები მომხმარებელს უზრუნველყოფილ სესხებს სთავაზობენ, ხშირად მომხმარებელი სესხს ანიჭებს უპირატესობას და არა ფაქტორინგს. მეორე მხრივ პროდუქტის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დებიტორების სურვილზე.

ფაქტორინგი მიმწოდებელსა და მყიდველს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის  კონტრაქტია, რომელთა უმრავლესობა მოვალეთა წინასწარი თანხმობის გარეშე დებიტორული დავალიანების მოთხოვნის დათმობას კრძალავს, რაც მათ ბაზარზე ვაჭრობის ძლიერ უფლებამოსილებებს ანიჭებს.  ამასთან, საქართველო მეტწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, დაბალი საექსპორტო მოცულობები კი იმაზე მიუთითებს, რომ აქ საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციები იშვიათია. ფაქტორინგის ბაზრის მოცულობის უმეტესი ნაწილი რეგრესის გარეშე ადგილობრივ ფაქტორინგზე მოდის. რევერსული ფაქტორინგი, რომელიც განვითარებულ ბაზრებზე აქტიურად გამოიყენება, საქართველოშიც ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერჯერობით ის არ გატესტილა. ამასთან, ქართული კომპანიები ძირითადად ფაქტორინგს ფინანსირების წყაროდ იყენებენ, თუმცა ნაკლები ინტერესია ამ პროდუქტის დამატებითი უპირატესობების მიმართ, როგორიცაა მაგალითად საკრედიტო რისკის დაფარვა, დებიტორული დავალიანების ადმინისტრირება და ამოღება. 

აქვე აღვნიშნავ, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შორის, ფაქტორინგის უპირატესობების შესახებ დაბალი ცნობადობა ნიშნავს იმას, რომ ამ პროდუქტს ძირითადად კორპორატიული ბიზნესი იყენებს, რომელზეც ფაქტორინგის მთლიანი ინდუსტრიის 90% მოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საკრედიტო დაზღვევა ხელმისაწვდომი არაა, ბანკები ამჯობინებენ რისკი აიღონ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე და განახორციელონ ტრანზაქციები. მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალი კი ამ მხრივ აუთვისებელი რჩება, ამიტომაც ამ კუთხით ზრდის დიდი სივრცე არსებობს.


რიცხვები და მონაცემები

ფაქტორინგის შესახებ ზუსტი მონაცემები ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან არაა, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკიც არ აქვეყნებს შესაბამის მონაცემებს. 

ვიცით, რომ 2021 წელს ფაქტორინგის ბაზრის ბრუნვა საქართველოში 185 მლნ ევროს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტი იყო. ეს ინფორმაცია თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და „ვითიბი ბანკი საქართველოს“ ერთობლივ მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს. FCI-ის სტატისტიკის მიხედვით კი, ფაქტორინგის ოპერაციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 5 წელში - 25 მლნ ევროდან (2017 წელი) 185 მლნ ევრომდე (2021).

ამასთან, ფაქტორინგის პენეტრაცია მშპ-ში კვლავ დაბალია, თუმცა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 0.17% იყო, 2021 წელს კი 1.17%-ს შეადგენდა, რაც ევროპული ქვეყნების მონაცემებისგან კვლავ ძალიან შორსაა. ევროპაში დაახლოებით 5-16%-ის ფარგლებშია.


პროდუქტის განვითარებისთვის ხელის შემწყობი ფაქტორები ქართულ ბაზარზე

ფაქტორინგის განვითარების პროცესში გაციფრულება წამყვან როლს შეასრულებს, ვინაიდან ის მომხმარებელს პროდუქტის მიღებას უმარტივებს. ეს კი პროცესს და შესაბამისად პროდუქტს ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. თიბისიმ ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა უკვე განავითარა, რომელიც მიმწოდებელსა და დებიტორს შორის სრულ ციფრულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. 

ამას გარდა, ფაქტორინგის პოტენციალის ათვისებაში ბაზარზე შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაც დაგვეხმარება. ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო EBRD-ის ტექნიკური დახმარების და ევროკავშირის დაფინანსების დახმარებით უკვე მუშაობენ.


სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში

ამ ეტაპზე ბანკები ფაქტორინგის ოპერაციებს საქართველოს საბანკო კანონმდებლობის და სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ახორციელებენ. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით, კომერციულ ბანკებს ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელების უფლება აქვთ. ცალკე კანონმდებლობა საქართველოს ფაქტორინგის შესახებ არ აქვს. 


თიბისი - ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებელი

ბრიტანული BCR Publishing-ის RFIx დაჯილდოება, კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, ფაქტორინგით დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული ტრანზაციების რაოდენობის, ფაქტორინგის ციფრული პლატფორმის შექმნითა და ფაქტორინგით დაფინანსებაში ახალი გადაწყვეტის შეთავაზებით მოიპოვა.

როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებლებისათვის ცხოვრებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, ჩვენ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შევქმენით, რომლის დახმარებით, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვლას, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება -  ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია კი პლატფორმის დახმარებით სრულდება. შედეგად, კომპანია მარტივად, მინიმალურ დროში იღებს დაფინანსებას ბანკიდან.

საერთო ჯამში, ფაქტორინგის დახმარებით, თიბისის მიერ ბიზნეს კლიენტები დაფინანსება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი აღნიშნული დაფინანსების ჯამური მოცულობა 2017 წელს 9 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს დაფინანსების ჯამურმა თანხამ 125 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტორინგის მიმართულებით, თიბისი საქართველოში ბაზრის ლიდერია, რასაც ბაზრის 68%-იანი წილი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ თიბისი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრიცაა. პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნულმა ტრანზაქციებმა, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყვეს. აღნიშნული ინოვაციური სტრუქტურა, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციებში საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ერთგვარ მოდელად იქცა.

სწორედ ეს ტრანზაქციები გახდა თიბისის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს აღების მიზეზი - ვგულისხმობ FCI-ს მიერ Factor of the Year Award 2022-ს, სადაც ერთ-ერთ გამარჯვებულად დაგვასახელეს. ცერემონიალი ვაშინგტონში FCI-ის 54-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე შედგა, სადაც წლის საუკეთესო შეთავაზების კატეგორიაში მე-4 ადგილი დავიკავეთ. გამარჯვებულები 15 საუკეთესო ტრანზაქციიდან შეირჩა. ეს ჩვენთვის უდიდესი აღიარებაა. ჩვენთან ერთად ჯილდოები გადაეცათ ისეთ მსხვილ ბანკებს, როგორებიცაა: BNP Paribas, ABN Amro, Standard Chartered. განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია და ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - ექსპორტის ხელშეწყობასა და საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას.

 

წყარო: Forbes Georgia

ფოტო: სერა ძნელაძე; ანა ბოკო / Forbes Woman Georgia