ყველა დიდი თუ ცნობილი ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზე სტარტაპი იყო. სტარტაპერობა არის ფაზა, რომლის გავლაც ყველას უწევს, თუმცა არც ისე ადვილია, შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციო. ამისთვის გარკვეული ცოდნაა საჭირო, ხშირად კი ისე წამოვიწყებთ საქმეს, შესაბამისი ცოდნა ან არ გაგვაჩნია ან არ არის საკმარისი.
ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელზეც თიბისი უკვე წლებია მუშაობს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად, ადამიანებს ზოგჯერ ცოდნის გაზიარება სჭირდებათ პროფესიონალებისგან. ამიტომაც შევქმენით სტარტაპ კურსი, რომლის ფარგლებში, ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის ამაღლებას ვთავაზობთ.
ეს არის პრაქტიკული კურსი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცილებას უზიარებენ. ყველა მოდული თანამედროვე დამწყები ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა.
სტარტაპ კურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება 3 ლექცია:
ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია
ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ ლექტორების ხედვებს და გაგიზიარებთ, თუ რას უნდა ელოდეთ მომავალ ლექციებზე.
სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე.
ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
ნინო ეგაძე თიბისის მარკეტინგის დირექტორია და სტარტაპ კურსის ფარგლებში ბრენდსა და კომუნიკაციაზე ისაუბრებს. ის აღნიშნავს, რომ თიბისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ავითარებს. ამ საკითხში კი ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერას დიდი ადგილი უჭირავს.
“მიგვაჩნია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკის, ისე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. რაც შეეხება სტარტაპ კურსს, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი პროგრამისა, რომელშიც ათასობით ბიზნესი, ათი ათასობით მომხმარებელი და სტარტაპერი მონაწილეობს. პროგრამას ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს - მისცეს ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ დაიქირაონ შესაბამისი სპეციალისტები”, - ამბობს ნინო.
მისი თქმით, კურსის მიზანია, სტარტაპებს გაუზიარონ ცოდნა, რათა მათ მინიმალური ბიუჯეტით თუ სწორი ხედვით მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და განავითარონ კომპანია.
“მთავარი ღირებულება, რომელიც კურსის წევრებს შეგვიძლია მივცეთ როგორც ლექტორებმა, ისე თიბისიმ, არის ის, რომ ვაჩვენოთ, რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, მივცეთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე წვდომა და ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს”, - ამბობს ნინო და დასძენს, რომ ამ და სხვა მსგავსი კურსების სახით, თიბისი კრეატიული იდეების მქონე ადამიანების მხარდამჭერი იქნება.
ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
“ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელსაც სტარტაპის შექმნა სურს. მათ დიდ ნაწილს კი არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ სწორად წარმართოს კომუნიკაცია ან, ზოგადად, გაუძღვეს ბიზნესს. ეს კურსი მათ ამ ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მას დადებითი გავლენა ექნება თითოეული სტარტაპის წარმატებაში”, - ასე აღწერს სტარტაპ კურსის მნიშვნელობას პავლე გაბრიჭიძე, ციფრული მარკეტინგის ლექტორი და ტრენერი.
მისი თქმით, კურსი, რომელიც სხვადასხვა მოდულისგან შედგება, ერთგვარი გზამკვლევია ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.
“შეხვედრაზე ისინი გაიგებენ, რა უნდა გაითვალისწინონ ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვისას, როგორ უნდა გადადგან ნაბიჯები ამ სივრცეში ისე, რომ შეცდომა არ დაუშვან და მოკლე ვადაში მაქსიმალური შედეგი მიიღონ. თეორიასთან ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ვიმსჯელებთ სხვადასხვა კომპანიის შეცდომებზე თუ წარმატების ისტორიებზე. ეს იქნება სემინარი, სადაც ადამიანები ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას ისწავლიან”, - ამბობს პავლე.
ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია
სტარტაპ კურსის ბოლო შეხვედრა ინვესტიციების მოზიდვასა და ფიჩინგს ეხება. ამ თემაზე ლადი გაბუნია, ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტოს და პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელი ისაუბრებს.
“ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორი არაა მხოლოდ ფული, მას გაცილებით მეტი რამ მოაქვს სტარტაპისთვის - ესაა რესურსები, გამოცდილება, კომპანიის უცხო თვალით შეფასება, კონტაქტები, რაც განვითარებაში გეხმარებათ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ამ კურსიდან შეგიძლია გაიგოთ, არის ის, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და რას გაუსვათ ხაზი, რომ ინვესტორი დააინტერესოთ”, - ხსნის ლადი.
ლადის თქმით, შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იქნება, იგი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს, განიხილავს მაგალითებს და ისტორიებს.
“ველი, რომ აუდიტორიაში წარმოდგენილი იქნებიან ნამდვილი სტარტაპერები, დიდი ამბიციებით, რომლებიც ტექნოლოგიაზე დააფუძნებენ საკუთარ საქმიანობას”, - აღნიშნავს ლადი.
აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა, გაიგო ყველაფერი, რაც ბიზნესის დასაწყებადაა საჭირო, გაიცნო დარგის წამყვანი სპეციალისტები, თანამოაზრეები და გახდე სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილი.