Business news
მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები
22 December 2020
visibility 16770

კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მოიხმარს მზის ენერგიას. მისი გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო, როდესაც ადამიანმა შუშის დახმარებით ცეცხლის დანთება მოახერხა. ერთ-ერთი ცნობილი ლეგენდის მიხედვით, სირაკუზზე თავდასხმის დროს, არქიმედემ რომაელთა ფლოტი მრავალი სარკის გამოყენებით დაწვა. შემდეგ იყო პირველი მზის ღუმელი, ფოტოვოლტაური ეფექტის აღმოჩენა, აინშტაინი და ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრება, პირველი მოწყობილობა, რომელიც მზის შუქს ელექტროენერგიად გარდაქმნიდა და მრავალი სხვა აღმოჩენა, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. 

დღესდღეობით, ბევრი სახელმწიფოსთვის, მზის ენერგიის გამოყენება უკვე პრიორიტეტია. ქვეყნები ცდილობენ გამომუშავებული ენერგიის უდიდესი წილი სწორად განახლებადი წყაროებიდან მიიღონ და საამისოდ შესაბამის სარეგულაციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც ახდენენ. ეს კი თავის მხრივ ტექნოლოგიის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 

მიუხედავად მზის ენერგიის მიღების მაღალი პოტენციალისა, საქართველოში მზის ელექტროსადგურები წინა წლებში ფართოდ არ გამოიყენებოდა. დადგენილია, რომ საქართველოს მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2200 მზიან საათამდე შეადგენს. შედარებისთვის, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 1800 საათს არ აღემატება, თუმცა ეს მას არ უშლის მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრით მეოთხე ქვეყანა იყოს მსოფლიოში. 

რატომ არ არის საქართველოში მზის ელექტროენერგია უფრო ფართოდ გავრცელებული? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის რეგულაციები, რომლებიც მხოლოდ 2016 წელს შევიდა ძალაში (მანამდე ქვეყანაში სულ რამდენიმე ელექტროსადგური იყო დამონტაჟებული). 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მიღების მიმართულებით და ნეტო-აღრიცხვის სისტემა დანერგა, რამაც ნებისმიერ მსურველს მისი ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კერძო სადგურის მფლობელს მის მიერ ჭარბად გამომუშავებული ენერგია საერთო ქსელში შეეძლო გაეშვა და ამასთან ერთად დამატებითი ენერგიის საჭიროების შემთხვევაში ამ ენერგიის საერთო ქსელიდან მიღება. ამით გახდა შესაძლებელი არა მარტო ხარჯების შემცირება, არამედ გარკვეული სარგებლის მიღება იმ შემთხვევაში თუ წლის განმავლობაში საერთო ქსელში გადაცემული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო მეტი იყო ვიდრე ქსელისგან მოთხოვნილი. 


შემდეგი სარეგულაციო ცვლილება 2020 წელს მოხდა, როცა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან წინა შეზღუდვა გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა ბიზნესისთვის (ენერგომოხმარების მოცულობიდან გამომდინარე საქართველოში არსებული კომპანიების მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება), 500 კვტ. კი უკვე შეესაბამება კომპანიების უმეტესი ნაწილის ელექტრო ენერგიის მოთხოვნას და ინვესტიცია მზის ენერგიაში გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება. ამასთან, დადგინდა, რომ სადგური და მოხმარების ობიექტი სხვადასხვა ლოკაციაზე შეიძლება ყოფილიყო. ამ ცვლილებების წყალობით, მხოლოდ 2020 წელს, ელექტროსადგურების რაოდენობა საქართველოში 40%-ით გაიზარდა. 

იყო დრო, როდესაც მზის ელექტროსადგურის მოწყობა დიდ ინვესტიციებთან იყო დაკავშირებული, თუმცა დღესდღეობით ეს ასე აღარ არის: მზის პანელები ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც დღეს, არასოდეს ყოფილა. საკუთარი სახლის მაგალითზე რომ განვიხილოთ, 5 კილოვატის სიმძლავრის სადგურის მოსაწყობად $3,000-დან $5,000-მდე ინვესტიცია სავსებით საკმარისი იქნება. დამატებით დაგჭირდებათ დაახლოებით 25-35 მ2 ფართობი სახურავზე, სანდო მომწოდებელი და გამოცდილი კომპანია, რომელიც პანელების სწორ მონტაჟსა და სისტემის გამართვას უზრუნველყოფს. ასეთი სიმძლავრის სისტემას შეუძლია წელიწადში 1,500 ლარამდე დანაზოგი მოგცეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ ინვესტირებულ თანხას 6-9 წელიწადში უკან დაიბრუნებთ. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ თქვენ მიერ დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური 25+ წლის განმავლობაში გამოიმუშავებს უფასო ენერგიას. 

გარდა ამისა, თქვენ (1) შეამცირებთ ან გაანულებთ თქვენს ყოველთვიურ ელ. გადასახადს: ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, ყოველთვიური დანაზოგი 120 ლარზე ოდნავ მეტი გამოდის. ასე რომ თქვენს ინვესტიციას გარანტირებულად დაიბრუნებთ დაზოგილი ენერგიის სახით და ეს თანხა უკვე შეგიძლიათ სხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ; (2) იქნებით დამოუკიდებელი ელ. ენერგიის მომწოდებლისგან - პირდაპირ აღარ შეგეხებათ ტარიფის ზრდა, ქსელის გაუმართავობა, მაღალი ძაბვა და ა.შ. ცოტა ფართო მასშტაბში რომ შევხედოთ, თუკი საქართველოში საკუთარი ენერგიის გამომუშავება კერძო და სახელმწიფო დონეზე დამკვიდრდება, ჩვენ არ ვიქნებით მომწოდებლებზე დამოკიდებული, საუკეთესო შემთხვევაში კი თავად გავხდებით ენერგიის მომწოდებლები; (3) შეამცირებთ ნეგატიურ ზეგავლენას გარემოზე - მზის ელექტროსადგური არ გამოყოფს მხუთავ აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს, არ აქვს რადიაცია. ის უსაფრთხოა როგორც ადამიანის, ისე გარემოს ჯანმრთელობისთვის, რაც ჩვენი მომავალი თაობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

სასიხარულოა, რომ საქართველოს ახალი ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, ქვეყნის ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან უნდა მიიღებოდეს. მათ შორისაა მზის ენერგიის გამოყენებაც. 2012 წელთან შედარებით, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენება 24%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. 

რა თქმა უნდა, მზის ენერგიის გამოყენების ყველა ნიუანსი ერთ სტატიაში არ ჩაეტევა, თუმცა ამ მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობა ქართულ სივრცეში წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, გთავაზობთ თიბისი ბანკის და EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ერთობლივ ტრენინგზე დასწრებას, რომელიც 25 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება. GEFF პროგრამის ექსპერტი, ანდრო ბუთხუზი, მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებზე მოგიყვებათ და თქვენთან ერთად განიხილავს საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, მზის ელექტროსადგურის მოწყობის დეტალებსა და გასათვალისწინებელ ნიუანსებს.