Success Stories
შენeat - მოამზადე კერძები სამზარეულოში ზედმეტი აურზაურის გარეშე
სალომე მოდებაძე
21 September 2020
visibility 2498

კერძების სახლში მომზადება და ოჯახის წევრების და მეგობრების განსაკუთრებული საუზმით, სადილით თუ ვახშმით გამასპინძლება ბევრი ჩვენგანისთვის სასიამოვნო პროცესია. თუმცა, დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ეს პროცესი ბევრ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. თავდაპირველად, უნდა მოვიფიქიროთ, რა კერძი მოეწონებათ ჩვენს სტუმრებს თუ ოჯახის წევრებს, შემდეგ ყველა საჭირო ინგრედიენტის სია უნდა ჩამოვწეროთ, დრო უნდა გამოვნახოთ საყიდლებზე წასასვლელად, თან იმაზე უნდა ვიფიქროთ, სად ვიყიდოთ სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტები. ამას ემატება ისიც, რომ გვინდა, ოჯახის წევრები და სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ და ჩვენი აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, კერძის მომზადებაში რაც შეიძლება ნაკლები დრო დაგვეხარჯოს, სახლში ზედმეტი აურზაურის გარეშე. 

სწორედ კერძების მომზადებასთან დაკავშირებულ ყველა სირთულეს აგარიდებთ თავიდან სტარტაპი შენeat, კომპანია, რომელიც თავისი უნიკალური სერვისით პირველია საქართველოში და რომელიც ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. სტარტაპის მიზანია თქვენივე სამზარეულოში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეგიქმნათ და დაგეხმაროთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისეთი გემრიელი, ჯანსაღი და განსხვავებული კერძები მოამზადოთ, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება. 

შენeat-ის კონცეფცია ასეთია: ვებგვერდზე https://sheneat.ge/ არჩევთ შემოთავაზებული 60-მდე უნიკალური რეცეპტიდან (წვნიანები, ხორცეული, სალათები, ვეგეტარიანული საკვები...) თქვენთვის სასურველს. ყველა საჭირო ინგრედიენტის მომზადებაზე, გასუფთავებაზე, დაჭრაზე, დახარისხებასა და ადგილზე მოტანაზე კი შენeat-ის გუნდი იზრუნებს. (შეკვეთის ადგილზე მიტანა მეორე დღეს 17:00 საათიდან ხდება). დაფასოებულ, ზუსტი რაოდენობის და წონის პროდუქტებს, ასევე რეცეპტს ადგილზე მოგიტანენ, შესაბამისად, თქვენ კერძის მომზადებას ძალიან მალე, მაღალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებით, აურზაურისა და დაგროვებული ნარჩენების გარეშე შეძლებთ. 

შენeat-ის შექმნის იდეა ირაკლი ხუნდაძეს და მის ორ მეგობარს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა მაშინ ჩანაფიქრი სხვადასხვა დღესასწაულისთვის ტრადიციული კერძების მომზადებას ეხებოდა. იდეა მას შემდეგ ტრანსფორმირდა, რაც პანდემიის პერიოდში, კარანტინში ყოფნისას სახლში კერძების მომზადება სტარტაპის დამფუძნებლებს და მათ მეგობრებსა და ახლობლებს ხშირად უწევდათ. 

„პანდემიამ დაგვანახა, რა კარგი იქნებოდა, სახლში მიგვეღო ისეთი რეცეპტები და შესაბამისი პროდუქტები, რომლებიც დაფასოებული, გამზადებული იქნებოდა. მივხვდით, რომ მსგავსი სერვისი ძალიან გაგვიმარტივებდა კერძების მომზადების პროცესს. აპრილის თვეში უკვე იდეის რეალობად ქცევა გადავწყვიტეთ“, - ამბობს ირაკლი. 

ყველაზე დიდი დრო რეცეპტების მოძიებასა და შედგენაზე დაიხარჯა. 60-მდე არასტანდარტული რეცეპტიდან თითოეული მათგანი უნიკალური და განსხვავბებულია. სტარტაპიდეის რეალობად ქცევას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა და სექტემბრიდან შენeat-ი მომხმარებელს უკვე სთავაზობს უნიკალური კონცეფციის მომსახურებას. როგორც ირაკლი ამბობს, ინტერესი შენeat-ის მიმართ ყოველდღიურად იზარდება. 

მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების და პროდუქტების შეთავაზებაში ირაკლისა და მისი მეგობრების გარდა, მათი ოჯახის წევრებიც არიან ჩართულები. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან კომპანია შენeat-ს საკმაოდ ამბიციური გეგმებით. 

შენeat უახლოეს მომავალში განვითარებას სამი მიმართულებით აპირებს. პირველი - კერძების მუდმივი განახლება და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი რეცეპტების შეთავაზებაა, მათ შორის სადღესასწაულო სუფრისთვის. მეორე მიმართულებაა ჯანსაღი კვების კუთხით სიახლეების დანერგვა. კიდევ ერთი ჩანაფიქრი, რომლის რეალობად ქცევას სტარტაპის დამფუძნებლებები უახლოეს მომავალში გეგმავენ, სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებაა, სადაც მომხმარებლები კერძების მომზადების პროცესში ჩართვას და შემდეგ უკვე ამ კერძების ადგილზე დაგემოვნებას შეძლებენ. შედარებით შორეულ პერსეპქტივაში კი, შენeat-ის დამფუძნებლები თბილისში სტეიკ რესტორნის გახსნას გეგმავენ