Business news
იმერული სტუმარ-მასპინძლობა „სახლში“
ბიზნეს ბლოგი
07 September 2022
visibility 4179


რა არის წარმატება და როგორ მიიღწევა ის? ცხადია, ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს.  თუმცა, არსებობს უნივერსალური პასუხიც, რომელზეც ყველა თანხმდება. ამ ბლოგსაც უნივერსალური პასუხით დავიწყებთ: წარმატება არის პროფესიონალიზმის შედეგად მიღებული დადებითი ფიდბექი, რომელიც საქმის ცოდნითა და თავდადებული შრომით მიიღწევა. 

ხათუნა მაისურაძემ და გიზო ბანძელაძემ ბიზნესი სწორედ ამ ფორმულის მიხედვით გამართეს. რესტორანი „სახლში“, რომლის შექმნის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა, ცოლ-ქმარმა ქუთაისში,  2021 წლის ივლისში გახსნა და დღეს უკვე ორივე თამამად საუბრობს წარმატებაზე, რაც უპირველესად საქმის სიყვარულით და თავდაუზოგავად კეთებამ მოუტანა.


„რაც თავი გვახსოვს, ჩვენს სახლში ყოველთვის ბევრი სტუმარი იყრიდა თავს და ჩვენც ყოველთვის ძალიან გვიყვარდა მათი გამასპინძლება. სტუმარ-მასპინძლობა ჩვენთვის უკვე საყვარელი საქმიანობა და ცხოვრების წესი იყო. ამიტომაც, როცა საკუთარ ბიზნესის იდეა გაგვიჩნდა, ერთხმად შევთანხმდით სარესტორნო ბიზნესზე და დავიწყეთ ამ იდეის ხორცშესხმა“ - რესტორანი „სახლში“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიზო ბანძელაძე.

„სახლში“ ქუთაისის ისტორიულ უბანში, რუსთაველის ქუჩასა და თეთრ ხიდებს შორის, თამაზ ნიკიტინის 7 ნომერში მდებარეობს. როგორც სახელწოდება გვკარნახობს, რესტორანი ორიენტირებულია იმერული და ზოგადად, ქართული კერძების მოყვარულ ადგილობრივ მომხმარებელზე, ისევე, როგორც რეგიონის სტუმრებზე, რომლებიც ამ სივრცეში თავს ძველ, იმერულ ყაიდაზე გაწყობილ სახლში გრძნობენ და მხიარული, ყურადღებიანი მასპინძლითა და ქართული სამზარეულოს ნატიფი გემოებით ტკბებიან.


კერძებს, ისევე, როგორც მათ ინგრედიენტებს, გიზო და ხათუნა, გამოცდილ მზარეულებთან ერთად, საგანგებოდ არჩევენ. „სახლში“ ყველაფერი სახლური, ნატურალური, ქართველი გლეხის მოწეული პროდუქტისგან მზადდება. 

„ყოველ დილით, ტრადიციისამებრ, მივდივართ ბაზარში და სათითაოდ ვარჩევთ ყველა პროდუქტს. მათი უმრავლესობას იმერელი გლეხებისგან ვყიდულობთ, თუმცა არის ნედლეული, რომელსაც საქართველოს სხვა კუთხეებიდან გვაწვდიან. ასეთია, მაგალითად, რაჭული ლორი, რომლის უნიკალურობაც სწორედ მის რაჭულ წარმოშობაშია. ზოგადად, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე ვიყიდოთ და ქართული კერძები ქართული პროდუქტით დავამზადოთ.“


„სახლში“ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულოს მოდერნიზებულ ვარიანტებსაც სთავაზობს, თუმცა, მენიუს ძირითადი ნაწილი ტრადიციული ქართული, მეტწილად კი - იმერული ავთენტური სამზარეულოა. 

განსაკუთრებით აღსანიშნია ოჯახურად დამზადებული „იმერული ხემსი“, იგივე „ფხლის დაფა“, რომელიც სხვადასხვაგვარი იმერული ხემსისგან შედგება და რომლის ფოტოც BBC-ს მიერ მომზადებულ სტატიას ამშვენებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, ასევე, უნიკალური კერძები - სვანური ლობიანი ლობიოსა და ყველის გულსართით და ოთხი ყველის  კერძი პიტნიანი ნადუღით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ამ იმერულად კოპწია ეზო-კარმა ერთ წელიწადში მომხმარებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა, „სახლშის“ ღვინის სარდაფი-გალერეაა, რომელიც 100-ზე მეტი სახეობის ქართულ ღვინოს აერთიანებს. მასპინძლები განსაკუთრებით იმერული მცირე მეღვინეობის პოპულარიზაციას ცდილობენ, ამიტომ ღვინოების უმრავლესობა იმერულია. აქ აუცილებლად შემოგთავაზებენ ჭურის ღვინოს, რომელიც ადგილობრივებშიც და ტურისტებშიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს. 


„სახლშის“ ოცამდე დასაქმებული გიზოს და ხათუნას ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. რეგიონში უკვე ცნობილ შეფმზარეულს, გიგა მამალაძეს, ამ სფეროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება აქვს.

„სახლშის“ მასპინძლები მიიჩნევენ, რომ პროფესიონალიზმთან და შრომისმოყვარეობასთან ერთად, მათ საქმეში მთავარი სწორედ ოჯახური გარემო და საერთო ტრადიციის -  სტუმარ-მასპინძლობის დიდი სიყვარულია, რის გამოც აქაურობა ზოგს ბავშვობის ნოსტალგიის, ზოგს კი უბრალოდ დიდი ოჯახის - ბებია-ბაბუის მონატრებას უვსებს.