Success Stories
აქ. ახლა - „პროექტი 39“
მარიამ ყანჩაველი
21 August 2020
visibility 1783

ყველაფერი 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც შენგელიების ოჯახმა კორპუსში ცხოვრებას მშვიდი და გამწვანებული სივრცე არჩია. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ოცნების ადგილი იპოვეს და პირველივე წუთებიდან შეიყვარეს. 

წლების განმავლობაში ეს სახლი და ეზო არა მარტო აქ მობინადრეების, მათი მეგობრების დაბადების დღეების, ქორწილებისა თუ უბრალოდ თავშეყრის ადგილად იქცა. დაგროვდა ემოციები, მოგონებები და ისტორიები და გაჩნდა იდეა, რომ აქაური გარემო და განსხვავებული აურა ქალაქში სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. 


ასე გადაიქცა შალვა ცინცაძის 39 ნომერში საცხოვრებელი სახლი გასართობ-შემეცნებით მწვანე სივრცედ, სახელწოდებით - „პროექტი 39“. 

აქ მოსულ სტუმარს ტრადიციულთან ერთად, აქტიოვობების მენიუც ხვდება, რომელიც სააზროვნო, საავტორო, სამაგიდო თუ ფიზიკურად აქტიურ თამაშებს აერთიანებს. 

მათთვის ვისაც ქალაქის დატოვების გარეშე ურბანული სიტუაციებიდან განსხვავებულ გარემოში სურს აღმოჩნდეს, აქ საპიკნიკე სივრცეცაა გამოყოფილი.  

სამზარეულო „პროექტ 39“-ის სულ ახალი კომპონენტია. მასპინძლებს მენიუს შედგენაში კულინარი თენგო ეთერია დაეხმარა. საავტორო მენიუ ტექნოლოგიურად სწორად დამუშავებული, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს აერთიანებს. პროექტის სამზარეულო სტუმრებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს - მენიუს თითოეული კერძი თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ პროცესში. პროდუქტების ნაწილი - ბოსტნეული და მწვანილი ამავე სივრცეში გაშენებული ბოსტნიდანაა. მომავალში, თიბისის სტარტაპსესხის დახმარებით, აქ ვაშლის ბაღისა და სათბურის გაშენებაც იგეგმება. 

აქ მოსული ყველა დეტალში იგრძნობთ, რომ სახლში, ოჯახში ხართ, რომლის თითოეულმა წევრმა სხვადასხვა როლი შეითავსა და ამ ადგილის არა უბრალოდ დამფუძნებელი და მფლობელი, არამედ სტუმრების განსაკუთრებული მასპინძელია. ნინის მომსახურების მიმართულება, სოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციები, მათ ძმას - ანდროს კი, სამზარეულო აბარია. 

„ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი დიდი ხნის განმავლობაში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში იყო დასაქმებული და ყველაფერი, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, დიდი შრომისა და გამოცდილების შედეგია. ამიტომ არ არის ეს უბრალოდ კაფე. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ“, - სოფო შენგელია, დამფუძნებელი.

„პროექტი 39“-ისთვის შიდაიზოლაციის პერიოდი და ახალი გამოწვვევები შთაგონების წყაროდ იქცა. იმ დროს, როდესაც სტუმრებს ვერ მასპიძლობდნენ და ვეღარც საკუთარ მომსახურებას უზიარებდნენ, გადაწყვიტეს მონატრებული ადამიანებისათვის ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები სახლში გაეგზავნათ, რომლებიც ერთ ჯადოსნურ ყუთში მოათავსეს. 

„ამ საუკუნეში ნამდვილი ურთიერთობები ნელ-ნელა დაიკარგა. ოჯახის წევრები შიდაიზოლაციის დროსაც კი შეიძლება ერთად ბევრ საათს ვატარებდეთ, მაგრამ ეს კომუნიკაცია ყოველთვის არ იყოს სრულფასოვანი. „კლიტე“ სწორედ იმისთვის შევქმენით, რომ ოჯახის ყველა ასაკის წევრი ერთად შეიკრიბოს და რამდენიმე საათი ერთად, სასიამოვნოდ და დასამახსოვრებლად გაატაროს.“ 

საავტორო სამაგიდო თამაში „კლიტე“, ოჯახის წევრებმა საკუთარი ხელით შექმენს, საწყისი ინვესტიცია კი ის ნივთები იყო, რომლებიც სახლში მოიძებნა. თამაშის გამარჯვებული ყველა მონაწილეა, ჯილდო კი ახალი ემოციები, შთაბეჭდილებები და მოგონებებია. 

„ჩვენს სივრცეს პროექტი სწორედ იმიტომ დავარქვით, რომ ის ბევრ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მომხმარებელს ვთავაზობთ თიმბლდინგებსა და ოჯახურ შეკრებებს, გუნდურ თამაშებს, დაბადების დღეებს, თემატურ საღამოებს, ვორქშოფებს, გამოფენებსა და ქორწილებს. აქ მოსული ყველა ადამიანის გამოცდილება განსხვავებული, უნიკალური და მასზე მორგებულია. სამომავლოდ ასეთი გეგმა გვაქვს - გამოვიდეთ ჩვენი სივრციდან და ჩვენი მომსახურებით თქვენთან მოვიდეთ.“