Business news
Pickup - ნარჩენების მართვის პირველი ქართული სტარტაპი
ბიზნეს ბლოგი
12 June 2023
visibility 7132



მსოფლიო სწრაფად ვითარდება, იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, ვაწარმოებთ უფრო და უფრო მეტ პროდუქტს, ამის პარალელურად კი მწვავდება ნარჩენების მართვის პრობლემა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, 2050 წლისთვის დედამიწაზე ნარჩენების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება და 3.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. ეს კი გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას მოახდენს.


ბიზნესები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო მეტს ფიქრობენ, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და დანერგონ ეკომეგობრული ქცევები ჩვენს ყოველდღიურობაში. მათ შორისაა ქართული სტარტაპი Pickup, რომლის მიზანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვისა და გარემოს დაბინძურების რისკების შემცირებაა. ამას ისინი ინოვაციური იდეისა და აპლიკაციის დახმარებით ახერხებენ. როგორ? — სტარტაპ ისტორიების ფარგლებში, ჩვენ მოგიყვებით Pickup-ზე, ქართულ სტარტაპზე გარემოს დაცვისა და მომხმარებლების ყოველდღიურობის შემსუბუქების მისიით.


რა არის Pickup-ი?

Pickup საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინოვაციური სტარტაპია, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანებს დროის დაზოგვასა და კომფორტს ჰპირდება. Pickup-ის აპლიკაციით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, თავიდან აირიდოს ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.


“Pickup მიზნად ისახავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ტრადიციული პროცესის ძირეულ შეცვლას. ჩვენი მიზანია, გავხადოთ აღნიშნული მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. მეგობრული აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაიტანოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პლასტიკი სახლიდან გაუსვლელად და მიიღოს მომსახურება საცხოვრებელი ბინის კართან”, — ამბობს ამირან ანანიაშვილი, სტარტაპის დამფუძნებელი. 


საინტერესოა, რომ სტარტაპის შექმნის იდეა მეგობრებს უამინდობისას გაუჩნდათ, როცა საკურიერო მომსახურებით კერძები გამოიძახეს, დაგროვებული დიდი მოცულობის ნარჩენების გადაყრა კი დისკომფორტს უქმნიდა, რადგან ნაგვის ურნები სახლიდან მოშორებით იდგა. სწორედ ამ მომენტში გაჩნდა იდეა, როგორი პრაქტიკული იქნებოდა, ეარსება ნარჩენების გატანის სერვისს, მხოლოდ ერთი განსხვავებით — ლოდინის ნაცვლად, აპლიკაციაში მიგეთითებინა გატანის დრო და მისამართი. იდეა მალე რეალობად იქცა და შეიქმნა სტარტაპი, რომელსაც ჯერ კონკურენტი არ ჰყავს.


საგულისხმოა, რომ Pickup მხოლოდ მოსაბეზრებელი პროცესის თავიდან არიდებას არ ემსახურება, მას ცნობიერების ამაღლების და გარემოზე ზრუნვის მიზნები ამოძრავებს. ამიტომ აპირებენ, აპლიკაციაში ნარჩენების განცალკევების ფუნქცია დაამატონ და პირველ ეტაპზე, ეს პროცესი პლასტიკით დაიწყონ. დახარისხებული პლასტიკის გატანას Pickup მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზებს — მეტიც, ინიციატივაში ჩართული მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქციებიც იგეგმება. 


“ამ საკითხებთან დაკავშირებით, გავიარეთ კონსულტაციები პლასტიკის შემგროვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებთან და გაგვაჩნია შესაბამისი სტრატეგიაც”, — ამბობს ამირან ანანიაშვილი.


როგორ მუშაობს Pickup-ი 

პროცესი ძალიან მარტივია და ყველაფერი ციფრულად მიმდინარეობს::


  • მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, რა დროსაც უთითებს მისამართსა და ნარჩენების პაკეტების რაოდენობას;

  • არაუგვიანეს დილის 9:00 საათისა, საცხოვრებელ კართან ათავსებს პაკეტს;

  • “ფიქაფერებს” გააქვთ ნარჩენები და ათავსებენ მუნიციპალურ in ბუნკერში (დილის 9:00-დან 11:00 საათამდე);

  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის შემდეგ, მომხმარებელი იღებს შეტყობინებას — “თქვენი Pickup-ი შესრულებულია”;

  • ყოველი მომდევნო შეკვეთისთვის “ფიქაფერი” საცხოვრებელი ბინის კარზე ტოვებს ახალ, მაღალი  ხარისხის პაკეტს ნარჩენებისთვის;


როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, 2022-23 წელი Pickup-ისთვის აღმოჩნდა ის დრო, როცა მათი საქმიანობის სისწორე, აუცილებლობა და უნიკალურობა დადასტურდა.


“ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსს Axis Towers-ს ვუწევთ მომსახურებას. აქსისის მენეჯმენტი დაგვიკავშირდა, აგვიხსნა პრობლემა და დააფინანსა სატესტო გატანები. ტესტირების შემდგომ, მოსახლეობამ აპლიკაციის გადმოწერა და სერვისით სარგებლობა დაიწყო. დღეს ვემსახურებით 20 აპარტამენტს და მომხმარებლების რაოდენობა მზარდია”, — გვიამბობს ამირანი.


გამოწვევები

კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარების შემდეგ, სტარტაპი 2020 წელს, მარტში, პანდემიის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაარსდა. ეს განსაკუთრებით ცუდი დრო აღმოჩნდა იდეის ხორცშესხმისთვის. “პანდემიამ, პრაქტიკულად, მოგვისპო განვითარების შესაძლებლობა და რომ არა ჩვენი შემართება და ძალისხმევა, დღეს არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ”, — იხსენებს ამირანი.


პანდემია დასრულდა, თუმცა გამოწვევები დღესაც არსებობს — მიუხედავად იმისა, რომ აქსელერაციისა და დაფინანსების პროექტებში მონაწილეობენ, სტარტაპის ხასიათიდან გამომდინარე, Pickup-ს დიდი ინვესტიციის მოპოვება, ამ ეტაპზე, უჭირს. 


“დღეს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა საკმაოდ კარგადაა განვითარებული. სტარტაპებს არაერთი ორგანიზაცია ეხმარება ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების კუთხით. ამასთან, განვითარებულია აქსელერაციის პროგრამები, გარემოსდაცვით და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ სტარტაპებს ნაკლები უკუგება აქვთ, ვიდრე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს, შესაბამისად მათი დაფინანსების ინტერესი შედარებით დაბალია”, — განმარტავს ამირანი. 


Pickup-ში მიიჩნევენ, რომ ნარჩენების მართვის პრობლემაზე მეტი უნდა ვისაუბროთ, რადგან საკითხი ძალიან მწვავეა. მისი გამომწვევი მიზეზი — რამდენიმე, მათ შორის  — ინფრასტრუქტურული, ურბანული, სოციალური და ეკოლოგიური. პრობლემის, შემსუბუქება კი, სტარტაპერების აზრით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.


ახლა სტარტაპის საქმიანობაში ექვსი ადამიანია ჩართული — ორი დამფუძნებელი,  საოპერაციო მენეჯერი და კურიერები. აპლიკაციის ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანია ლემონდო უწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციაში ჩაშენებულია თიბისის ელექტრონული კომერციის ფუნქციონალი, ასევე, თიბისი სტარტაპერის პაკეტით შეღავათებით სარგებლობენ საბანკო ტრანზაქციებზე.


იდეები და სამომავლო გეგმები

Pickup-მა მომხმარებლებისგან უკუკავშირი უკვე მიიღო და გუნდში მომდევნო ნაბიჯები უკვე დაგეგმეს.


“უნდა შევქმნათ საპილოტე პროექტი, რომლითაც ყველას ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია ნარჩენების დახარისხება და აპლიკაციის მეშვეობით ისე გამოტანა, რომ მომხმარებელს არ უწევდეს პლასტიკის შორს წაღება, ჩაბარება, ლოჯისტიკა და დროის დაკარგვა. დეველოპერებთან, საცხოვრებელი კომპლექსების ამხანაგობებთან, პლასტიკის შემგროვებელ კომპანიებთან კოლაბორაციით, უნდა შეიქმნას სეპარირებადი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელი. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის, ისე ადგილობრივ ანუ ურბანული, მცირე კომუნალური მეურნეობების განვითარებას და ჩამოყალიბებას”, — აღნიშნავს ამირან ანანიაშვილი. 


პირველი თამამი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდზე, ისე iOS სისტემაზე, გადმოწერა კი ამ ვებგვერდიდან შეგიძლიათ. მომავალში Pickup-ის აპლიკაციაში ახალი პაკეტები და ნარჩენების დახარისხების ფუნქციები დაემატება. საერთო ჯამში კი იგი მეტად მოსახერხებელი გახდება და გარემოს დაცვის საქმეში საკუთარ წვლილსაც შეიტანს.