Business news
Pepperboy - პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰაბი
ბიზნეს ბლოგი
28 February 2024
visibility 4870



აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა თბილისში იოლად შეიძლება. თუმცაღა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. 



Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუს გეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ და გამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიური გულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა. Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი. Pepperboy-მ, მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში თავმოყრით, შეძლო განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა. თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე იქცა საყვარელ ადგილად, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. 




პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და სწორედ მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა. „ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა კონცეფციის განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და მენიუს განახლებას და რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას. 2018-ში გახსნილ რესტორანს მრავალფეროვანი და მდიდარი საზარეულოს კონცეფცია გამოარჩევდა. პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს, ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის სასმელების შემთხვევაშიც გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინა. დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს – მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და უნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა ბრენდის ფილოსოფია კვლავ რჩება უცვლელი და დამფუძნებლებიც და სრულიად ფეფერბოის გუნდი ერთგულად ემსახურებიან ბრენდის ცენტრალურ იდეას.



 ფეფერბოის ხედვაა მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი. „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი ვაქციოთ სასიამოვნო გამოცდილებად, და ვრჩებით ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი სტუმრების ერთგული. ჩვენი მიზანია გავხდეთ ლიდერები საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ისევ და ისევ ბრუნდები ახალი აღმოჩენებისთვის.“ - ამბობს თინა. პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა. იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. 


„ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის, იცვლება სეზონების და ინსპირაციების მიხედვით, მუდმივად ემატება ახალი და საინტერესო კერძები“ - ამბობს თინა და აგრძელებს „ჩემი პარტნიორი და ფეფერბოის შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, ქმნის რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით“.



კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ „Spacefarms“-ის „Dots by Spacefarms“-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში. გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევე აღნიშვნის ღირსია. 



Pepperboy ორი, ერთამენისაგან საგრძნობლად განსხვავებული, სივრცისაგან შედგება. შიდა სივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი მეტადაა ბუნებასთან შერწყმული – აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება. რესტორნის სტუმრები ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება – Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებულები არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებს. 


„როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და «აწარმოე საქართველოში» ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტი იქნება“