Business news
Pecha Kucha Night Tbilisi — 400 წამი თანასწორ ბიზნესზე სასაუბროდ
ბიზნეს ბლოგი
23 June 2021
visibility 5694

2003 წელს ტოკიოში ახალგაზრდა შვედმა დიზაინერებმა არაფორმალური შეხვედრების სივრცე დააარსეს და ამბის თხრობის უნიკალური ფორმატი შექმნეს. მათი მთავარი მიზანი იყო, ადამიანებს “ესაუბრათ ნაკლები და ეჩვენებინათ მეტი”, სწორედ ასე გაჩნდა PechaKucha (იაპონურად: ბლა ბლა ბლა) — ღონისძიება, სადაც შენი ამბის მოსაყოლად 20 ფოტო და 400 წამი გაქვს. PechaKucha Night-ს დღეს მსოფლიოს გარშემო 1200-ზე მეტ ქალაქში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.

საქართველოში PechaKucha Night Tbilisi უკვე მეთოთხმეტედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი თიბისი ბიზნესისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია არიან. სხვადასხვა დროს PechaKucha Night Tbilisi ეხებოდა ყალბ ამბებს, სოფლის მეურნეობასა და ინოვაციებს, ტურიზმსა და მასპინძლობას, პანდემიის პერიოდში გამოწვევებსა და ადაპტაციას, ბოლო ღონისძიებას კი 11 ივნისს სასტუმრო სტამბამ უმასპინძლა, სადაც ექვსმა მეწარმე ქალმა თანასწორ ბიზნესზე ისაუბრა.

“ვეცადეთ, რომ სხვადასხვა ინდუსტრიიდან შეგვეკრიბა ქალი მეწარმეები და 20X20 ფორმატში მოვისმინეთ მათი განვლილი გზა — როგორ დაიწყეს მეწარმეობა, როგორ განვითარდნენ, საით მიდიან, რა გეგმები აქვთ და რამდენად პერსპექტიულია მათი პროდუქტები. ზოგი მათგანი სასტუმროს დამფუძნებელი იყო, ზოგიც — კაფესი, ასევე წარმოდგენილი იყო ელექტრონული კომერციისა და ტექ მიმართულებით სტარტაპი და სხვა”, — აღნიშნავს გური ქოიავა, ღონისძიების თანაორგანიზატორი და სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.

გური ქოიავა

როგორც გური ქოიავა ამბობს, შეხვედრა ძალიან საინტერესო, დინამიკური და ინტერაქციული გამოვიდა, ამიტომაც სურთ ამ თემატიკაზე ღონისძიება მომავალშიც გამართონ და უფრო მეტ მეწარმე ქალს შეუწყონ ხელი. ჩვენ კი აქ, ახლა, PechaKucha Night Tbilisi-ის მონაწილე ორ სტარტაპს გაგაცნობთ.


“შენია” — იოცნებე, წარმოიდგინე და მიაღწიე

“შენია” ვებპლატფორმაა, სადაც პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შეკვეთა შეგიძლიათ. “პატარა ნაძვის ამბის”, “მოკლეფეხება ტყუილის” და კიდევ მრავალი ნაწარმოების მთავარი გმირი ნებისმიერი პატარა შეიძლება გახდეს. ამ პლატფორმაზე უთითებთ ბავშვის სახელს, დაბადების თვეს, რიცხვსა და წელს, ირჩევთ გმირს, რომელიც გარეგნულად ყველაზე მეტად წააგავს საჩუქრის ადრესატს, წერთ პერსონალურ მიძღვნას და ასე იქმნება ზღაპარი, რომელიც ბავშვებს ემპათიას, სიყვარულს, მეგობრობას ასწავლის.

კომპანია ორმა მეგობარმა დაახლოებით ორი წლის წინ დააარსა. როგორც შენიას თანადამფუძნებელი და დირექტორი, მარიკა წულუკიძე გვიყვება, მათი სურვილი იყო, შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთი მხრივ სასარგებლო იქნებოდა საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ კომერციულად მომგებიანიც გახდებოდა. 

“ვფიქრობ, რომ სწორ პროდუქტს მივაგენით, რადგან ჩვენი წიგნები არაა მხოლოდ პერსონალური ნივთები, სადაც სახელი, გვარი და სხვა მონაცემები იწერება, არამედ თითოეული ნაწარმოები ადამიანურ ღირებულებებზე მოგვითხრობს. წიგნების დახმარებით ბავშვებს ვასწავლით ემპათიას, თანადგომას, ტოლერანტობას. თემები არის მეგობრობაზე, გარემოს დაცვაზე და ყველა წიგნიდან ბავშვი რაღაცას სწავლობს. ამით მშობლებსაც ვეხმარებით, რომ აღზრდის პროცესში ღირებულებები დროულად გააცნონ ბავშვებს, ჩამოყალიბდეს მათ შორის სწორი კომუნიკაცია და თავისთავად, როცა ბავშვი საკუთარ თავს წიგნის გმირის როლში აღმოაჩენს, ის ამ ღირებულებებს მარტივად ითავისებს”, — გვიყვება მარიკა.

მარიკა წულუკიძე

მარიკა იხსენებს, რომ ბავშვობაში პეპი გრძელიწინდასავით მამაცი უნდოდა ყოფილიყო და მაჭკატების ცხობაც ესწავლა. ახლა ცხობაც კარგად გამოსდის და სტარტაპსაც წარმატებით მართავს, ამბობს, ამ ყველაფრის ინსპირაცია ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოდის, გმირები ჩვენთვის მისაბაძები ხდებიან და ჩვენც ვცდილობთ, მათ დავემსგავსოთო. 

“ამიტომაა საინტერესო, რომ ეს წიგნები არა სხვაზე, არამედ საკუთარ თავზე გთავაზობთ თავგადასავალს. ბავშვებს კი მოსწონთ როცა ზღაპარში კარგად იქცევიან. ცხადია, ჩვენ ცუდ სიუჟეტებს არ ვწერთ, თუმცა პერსონაჟები რაღაც თავგადასავლებში მაინც ეხვევიან, მაგალითად რაღაც კარგად არ გამოდით, ამ სიტუაციებისგან კი ბავშვები გაკვეთილს სწავლობენ და რეალურ ცხოვრებაშიც ცდილობენ, კარგად მოიქცნენ, უსიამოვნებებს განერიდონ, ცუდი სიტყვები არ თქვან, ვინმე არ დაჩაგრონ და სხვა. ამ მხრივ წიგნები ძალიან სასარგებლოცაა და სასიამოვნო ემოციებს იწვევს არამარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც”, — გვიამბობს მარიკა.

PechaKucha Night “შენიასთვის” საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ღონისძიებაზე ქალმა მეწარმეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. “შესაძლოა შთამაგონებელი აღმოჩნდეს სხვისთვის შენი ისტორია, ის, თუ როგორ მოხვედი აქამდე. ყველა სტარტაპს აქვს ზოგჯერ ინერტული პერიოდი და საჭიროა ვინმესგან ინსპირაციის მიღება, გამოფხიზლება, ასე რომ, როცა ხედავ, მაგალითად, რეგიონში როგორ შრომობენ თავდაუზოგავად შეზღუდული რესურსებით და ცდილობენ რაღაცის მიღწევას, ესეც ერთგვარად მოტივაციის გაზრდის წინაპირობაა. საინტერესო იყო ღონისძიება ამ მხრივ, რადგან სწორედ ასეთ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა”, — ამბობს მარიკა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ “შენიამ” თურქეთშიც გატესტა პროდუქტი, შეისწავლა ბაზარი და იქაური ეკოსისტემა. სტარტაპი ახლა სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობით ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს, ეძებს კერძო ინვესტორსაც, სამომავლოდ კი თურქეთის ბაზარზე ხელახლა შესვლას და ამაზონზე პროდუქტების გაყიდვას გეგმავს.


“ზერო ეფექტი” — რაც ნაკლები, მით უკეთესი

PechaKucha Night-ზე კიდევ ერთი სტარტაპი “ზერო ეფექტი“ წარდგა. “ზერო ეფექტი” ნული ნარჩენის  პირველი  სივრცეა საქართველოში. ის მელიქიშვილის 7 ნომერში მდებარეობს და ნარჩენების შემცირებითა და ნული ნარჩენის ცხოვრების სტილის წახალისებით გარემოზე ზრუნვას ემსახურება. 

“ჩვენს სივრცეში არსებული მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს პლასტმასას და სხვა ერთჯერადი ნივთების ალტერნატივებს, დაწყებული საყიდლებისთვის და ლანჩისთვის აუცილებელი მრავალჯერადი ნივთებით, დამთავრებული თავის მოვლის საშუალებებით შეფუთვის გარეშე ან შეფუთვის დაბრუნების პრინციპით. გარდა მაღაზიისა “ზერო ეფექტიში” ყოველ კვირას ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას — ვმართავთ თემატური ფილმის ჩვენებებს, ლექციებს გარემოს დაცვის თემატიკაზე, ეკო-მეგობრების შეხვედრებს, ნივთების გაცვლა-გამოცვლასა და ა.შ. აღნიშნული აქტივობების მიზანია გავზარდოთ ინტერესი მოსახლეობაში გარემოსდაცვით საკითხებზე და ნარჩენების პრობლემაზე”, — გვიყვება ზერო ეფექტის დამფუძნებელი, ანნი ჭყოიძე.

ანნი ჭყოიძე

უკვე მესამე წელია, რაც "ზერო ეფექტი" არსებობს და როგორც ანნი ამბობს, ამ დროის განმავლობაში კომპანიაც და მისი მომხმარებლებიც ძალიან გაიზარდნენ: “ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან, ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და ვაგრძელებთ განვითარებას”.

ზერო ეფექტმა უკვე ახალი პროდუქტები დაამატა, უფრო მეტ ქართველ მეწარმესთან დაიწყო თანამშრომლობა, მალე განახლებული საიტიც ექნებათ და მთელ საქართველოში გაგზავნიან პროდუქტებს. “ძალიან გვახარებს ის ამბავი, რომ თუ პირველ წელს უფრო მეტად ტურისტები შემოდიოდნენ ჩვენს სივრცეში, დღეს ქართველები ჭარბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც აინტერესებთ გარემოს დაცვის თემები და ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას”, — ამბობს ანნი.

PechaKucha-ზე “ზერო ეფექტის” პრეზენტაციის მთავარი თემა კონსუმერიზმი იყო, სათაური კი ასე ჟღერდა: "რაც ნაკლები მით უკეთესი", if less is more, zero is everything. გარდა კონსუმერისმის პრობლემისა, პრეზენტაციაში ანნიმ ორ საწარმოზე "ზერო ეფექტზე" და "სოკოსიაზე” ისაუბრა, რომელიც სულ ახალი პროექტია და ნარჩენების შემცირებას ეხება. 

ღონისძიების მთავარი თემატიკა — ქალები თანასწორი ბიზნესისთვის ზერო ეფექტისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ანნი ამბობს, რომ მიუხედავად რიგი ცვლილებებისა, დღეს მაინც ვაწყდებით არაერთ ბარიერს გენდერული თანასწორობის გზაზე. 

“კონკრეტულად ბიზნესში, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალები იშვიათად იკავებენ ხელმძღვანელის ან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებს, იშვიათად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ წამოიწყონ ბიზნესი, ხშირად ქალები აწყდებიან არაერთ სტერეოტიპს, მაგალითად იმას, რომ თითქოს, ბიზნესი ქალის საქმე არ არის და ა.შ. ამ გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესში ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა, მათთვის შესაძლებლობების მიცემა, განათლება და ინფორმირება, მათი შრომის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ქალებისთვის, არამედ ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის”, — ამბობს ანნი.

ღონისძიების მოდერატორი, ქეთი ბოჭორიშვილი, რომელიც სტარტაპ ბიუროს და ევროპული სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრია, აღნიშნავს, რომ PechaKucha ძალიან კარგი შესაძლებლობა და ორგანიზებული ფორმატია, რომელიც  დისკუსიის სახალისოდ და საინტერესოდ წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. 

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ექვს მეწარმე ქალს. მათი ისტორიები იყო აბსოლუტურად უნიკალური. თითოეული იდეა და საქმიანობა, რაც მათ წამოიწყეს, პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად. მაგალითად, ერთ-ერთი მეწარმე ვაშლისგან ჯანსაღ ჩიფსებს აწარმოებს, მეორეს — ბიზნესი ნარჩენების გადამუშავების და გარემოს დაცვის მიმართულებით აქვს აგებული, იყო წარმომადგენელი ლანჩხუთიდან, რომელმაც არა უბრალოდ კაფე შექმნა, არამედ შეხვედრებისა და დისკუსიების ადგილი დააარსა ლანჩხუთში. ასევე, ღონისძიებაზე შევხვდით გოგოს რაჭიდან, რომელმაც სოფელ სადმელში ულამაზესი და უნიკალური სასტუმრო შექმნა; გავიცანით სტარტაპი, რომელიც პერსონალურ, ბავშვის ფსიქოლოგიაზე მორგებულ წიგნებს ქმნის; ვიხილეთ ელექტრონული კომერციის პლატფორმაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით მათი წარმოჩენა, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათი ბიზნესის და პერსონალური უნარების განვითარებას“, — ამბობს ქეთი.

ქეთი ბოჭორიშვილი

PechaKucha Night-ის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო თიბისი ბიზნესისთვის.  

თიბისი ბიზნესისთვის სტარტაპების განვითარება და მათი ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ის უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს ახალბედა თუ გამოცდილ მეწარმეებს, სთავაზობს მათზე მორგებულ პროდუქტებს, უზიარებს გამოცდილებას და სხვადასხვა კონკურსით, პროექტითა თუ ღონისძიებებით საქმიანობის გაძლიერებაში ეხმარება. ამ მიმართულების ნაწილია PechaKucha Night Tbilisi-ის პარტნიორობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების “ქალები თანასწორი ბიზნესისთვის” მონაწილეებს შორის თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი ქალებიც იყვნენ.

“თიბისი გულწრფელად მხარს უჭერს ბიზნესს. ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს განსაკუთრებით მოეწონათ ის, რომ გამოშვება ეძღვნებოდა ქალ მეწარმეებს. ჩვენ ერთად შევქმენით ეს ღონისძიება  და შევეცადეთ, ძალიან საინტერესო ქალი მეწარმეები საზოგადოებისთვის გაგვეცნო, ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა. თიბისი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერია. როცა ასეთ ინიციატივებზე ორგანიზაცია გახსნილია და სტარტაპებს მხარს უჭერს, ეს ყველაფერი ეკოსისტემას განსაკუთრებით აჯანსაღებს”, — ამბობს გური ქოიავა.

“ძალიან მიხარია, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა თიბისი, სტარტაპ ბიურო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, მხარში უდგანან ქალებს და რეალურ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ქალთა ინტეგრაცია უფრო მეტად მოხდეს ბიზნესში. რაც მეტი ორგანიზაცია აიღებს ამ ინიციატივას საკუთარ თავზე, დაიწყებს საკუთარი ორგანიზაციის შიგნით თანასწორი გარემოს შექმნით და შემდეგ ორგანიზაციის გარეთ ქალთა მხარდაჭერის პროგრამებს შექმნის, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის”, — აღნიშნავს ანნი ჭყოიძე.

თბილისის სტარტაპ ბიურო მხოლოდ PechaKucha Night-ის ორგანიზატორი არაა, ის 3 წლის წინ დაარსდა და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყანაში მართავს ჰაკათონებს, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, ბანაკებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ 100-ზე მეტი ღონისძიება გამართა და 35 ათასზე მეტ ადამიანს გააცნო, რას ნიშნავს, იყო მეწარმე, სტარტაპერი, როგორ მიხვიდე ბიზნესიდეიდან ბიზნესმოდელამდე.

PechaKucha Night Tbilisi გრძელდება — ღონისძიების ორგანიზატორები მომდევნო შეხვედრის გამართვას ივლისში გეგმავენ, შემდეგ კი დროებით, სექტემბრამდე ბათუმში გადაინაცვლებენ და დაინტერესებულ პირებს 20X20 ფორმატში სასაუბროდ სწორედ იქ უმასპინძლებენ.