Bloggers
კრიზისში დასანახი შესაძლებლობები
შალვა ახრახაძე
21 August 2020
visibility 1766

COVID-19 ვირუსის გამო შექმნილი დღევანდელი სიტუაცია და ხვალინდელი პერსპექტივები ბევრი მიმართულებით უპრეცედენტოა. პრობლემებიც „სასურველზე“ მეტი გაჩნდა, და თან ყოველდღიურად მრავლდება.




ბიზნესსაც ხომ ადამიანები ვმართავთ, ამიტომ ემოციების და ფსიქოლოგიის გარეშე, ბუნებრივია, რომ არც ბიზნესში ხდება თითქმის არაფერი. მსგავს სიტუაციებში პირველი ემოცია ხომ ყოველთვის უარყოფითია, გაურკვევლობისგან, მსოფლიო პანიკისგან და თითქოს მხოლოდ პესიმიზმით სავსე ახლო მომავლისგან გამოწვეული. დიდი ნაწილი ბიზნესისა ამ პირველ ტალღას ძალიან რთულად გაცდება, მხოლოდ ამ უარყოფითი ემოციებით მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივებზე იქნება ნაფიქრი, და აბა ყველანი კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ამ გზით როგორ შეიძლება ბიზნესმა გრძელ ვადაში იხეიროს? სხვანი კი ამ პირველ ტალღას გაივლიან, სხვადასხვა სირთულით, სხვადასხვა ვადაში, სხვადასხვა ფინანსური დანაკარგით, მაგრამ მაინც გაივლიან, და შექმნილ სიტუაციაშიც დაიწყებენ გრძელვადიანი ხეირის შექმნის სხვადასხვა სტრატეგიის ძიებას, და მდგომარეობის პირიქით, მათ საკეთილდღეოდ გამოყენებას...


იმასაც ამბობენ, ჩინეთში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, სადაც ვირუსი ასევე პირველად შეაჩერეს, სადაც ამ პერიოდში უამრავი საერთაშორისო კომპანიის აქციები ფანტასტიური ფასდაკლებებით შეიძინეს, და სადაც კიდევ ბევრი გეგმა აქვთ, თუ მომავალი ეკონომიკური სიტუაცია მათთვის მაქსიმალურად სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ, პანდემიასთან ბრძოლის დროს ბევრი კრეატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღესო. 


სხვის მაგალითზე სწავლა თუ გვინდა, მთავარი რჩევა ალბათ მაინც ისაა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრად მეტი ვიფიქროთ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით, ბევრად სწორად ვცადოთ ფიქრი, ვიდრე აქამდე ვცდილობდით, ბევრად მეტი სცენარი შევაფასოთ და გავაანალიზოთ, ვიდრე აქამდე ვახერხებდით და ბევრად მეტად გავუძლოთ ცდუნებას, რომ პანიკური სიახლეების გამო მოკლე ვადის ჰორიზონტში არ ჩავიკეტოთ.

ჩვენი ბიზნესი შესაძლოა დროებით საერთოდ დაიხურა, მაგრამ:

  • - იქნებ შეგვიძლია, რომ გადასახდელი ხელფასი იმ ფიქსირებულ ვალდებულებად არ აღვიქვათ, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შევამციროთ. ასეთ დროს თუ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამშრომელს ზურგს ვაქცევთ, ხომ ძალიან მალე, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ისიც აუცილებლად იმავეთი გვიპასუხებს. ჩინეთში დროებით დახურული მსხვილი კომპანიების ბევრი შემთხვევაა, რომ თანამშრომლებზე განსხვავებული გზით იზრუნეს, და ისინი დროებით, რამოდენიმე თვიანი შეთანხმებით, ისეთ სხვა კომპანიებს დაუთმეს (ამბობენ „თანამშრომლები გაასესხესო“, მაგრამ ადამიანებზე ეს ტერმინი ძალიან არაადამიანურად ჟღერს), ვისაც შექმნილი სიტუაციის გამო, პირიქით, მოკლე ვადაში ჭირდებოდათ ბევრი თანამშრომლის დროებით აყვანა. რა მაგარი პრაქტიკაა, როგორც ბიზნესში იტყოდნენ win-win-win სიტუაციაა ნამდვილად:
  1. დამსაქმებელი იგებს, რომ თანამშრომელს უყურადღებოდ არ ტოვებს, არ „ღალატობს“, და ამავე დროს, ფიქსირებულ ხარჯებს თავიდან იცილებს;
  2. თანამშრომელი იგებს, რომ მისი დამსაქმებელი მასზე ზრუნავს, და თან ის არ რჩება შემოსავლის გარეშე;
  3. დროებითი დამსაქმებელი კი მისთვის სასურველ მოკლე ვადაში, და თან, დიდი ალბათობით, მისთვის სასურველი ვადით, და უკვე სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეულ, და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალებს პოულობს

  • - იქნებ შეგვიძლია, რომ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია და უნარები ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ, თუნდაც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე არსებული უფასო ძალიან საინტერესო კურსებით (მაგ. www.coursera.org).
  • - იქნებ შეგვიძლია, რომ ახლა მაინც ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ ჩვენს ბიზნესს, და სანამ ისევ გახსნის შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი პროდუქტების ასორტიმენტი მეტად დავხვეწოთ, ან მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ, ან პოსტკრიზისულ სიტუაციას მოვარგოთ, ან მეტად შევფუთოთ, ან კიდევ სხვა ათასი რამ, რომ მეტი უპირატესობა შევქმნათ კონკურენტებთან მიმართებაში
  • - იქნებ შეგვიძლია, რომ კომპანიის შიგნით შევქმნათ ბევრი სტიმული იმისათვის, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი მეტ ფიქრში და კომპანიაზე მეტ ზრუნვაში ჩავაგდოთ. მსოფლიო ისტორიას თუ დავუჯერებთ, ძალიან ხშირად პრობლემურ სიტუაციებში „ჩვეულებრივი“ თანამშრომლების კრეატივს უამრავი სხვადასხვა ბიზნესი „არაჩვეულებრივ“ შედეგებზე გაუყვანია
  • - იქნებ შეგვიძლია, რომ ასეთ დროს უფრო მარტივად, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი, მომწოდებლებთან და კლიენტებთან (B2B, თუ ჩვენი ბიზნესის კლიენტებიც ბიზნესები არიან) შეთანხმებები ისეთი სტრუქტურით შევცვალოთ, რომ ამით პოსტ კრიზისულ პერიოდშიც დიდი ხეირი მოვუტანოთ ჩვენს ბიზნესს
  • - იქნებ შეგვიძლია, რომ ახლა მეტად გადავეწყოთ ონლაინ გაყიდვებზე, და თუ ამ პერიოდში შევძელით, რომ მომხმარებელს გემრიელი გამოცდილება შევუქმენით, მაშინ სიტუაციის სტანდარტულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგაც ხომ დიდი შანსია, რომ მომხმარებელმა ჩვენი პროდუქტი ისევ ელექტორნულად შეიძინოს.  თითქმის არცერთი ბიზნესი არ მეგულება, ვინც ასეთ სცენარზე უარს იტყოდა.
  • - და ბოლოს, თუ თქვენ რაიმე სახის ინვესტიციას განიხილავდით, იქნებ შეგვიძლია, რომ ეს პერიოდი, თავისი სავარაუდოდ შემცირებული ფასებით, შესაძლო გაიაფებული სესხებითა და მეტი საშეღავათო პერიოდებით იდეალურად გამოიყენოთ, და სწორედ ახლა, კრიზის დროს მოახდინოთ აქტივებისა თუ ბიზნესების შეძენა.

ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მუშაობდეს შორს, სადღაც, თუნდაც ჩინეთში, მაგრამ ჩვენთან აბა ეგრე როგორო ... ესეც პირველი ემოციაა, და თუ ცოტა მეტად დაფიქრებას შევძლებთ, თუ ჩვენს სპეციფიკას გავითვალისწინებთ და ჩვენზე მორგებულად გამოვიყენებთ მსოფლიო პრაქტიკას, მე მჯერა ...

ამბობენ, ბიზნესში პრობლემები შესაძლებლობებიაო ...