Business news
Green Energy - მზის ელექტროსადგურების კომპანია სოციალური პასუხისმგებლობით
ბიზნეს ბლოგი
07 December 2023
visibility 4114



დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, დიდი რაოდენობით სათბური აირების ემისია განაპირობებს. ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოხმარებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება, ამასთან ეს რესურსები ამოწურვადია. ამიტომ, ახლა ყველა ქვეყნის ამოცანაა განახლებად, სუფთა, მწვანე ენერგიის წყაროებზე გადავიდეს. ამ ტიპის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყარო კი მზეა. მზის ენერგიით სარგებლობას არაერთი უპირატესობა აქვს. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამასთან, ამცირებს ხარჯებს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომგებიანია.


2017 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სიახლე იყო მზის ენერგოსადგურების გამოყენება, კომპანია Green Energy დაფუძნდა. Green Energy მომხმარებლებს მზის პანელების პროექტირებისა და მონტაჟის სრულ მომსახურებას სთავაზობს. დღეს მათ მიერ დადგმული მზის ელექტრო სადგურის  სიმძლავრე ჯამურად 12 მეგავატს აღემატება. 


Green Energy ბიზნეს ახლა დაჯილდოების მონაწილეა საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში. ამ ბლოგში კი ვრცლად გიამბობთ, რას მოიცავს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები. 


“ორმაგი სოციალური პასუხისმგებლობა”

“ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესებს, რომლებსაც სურთ, შეამცირონ ხარჯები და გახდნენ უფრო ენერგოეფექტური. ვთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას მზის პანელების პროექტირებისა და მონტაჟის კუთხით, ამასთან,  ვეხმარებით მარკეტინგულ კომუნიკაციებში, რათა მათი ცნობადობა ამაღლდეს და მეტმა ადამიანმა შეიტყოს მზის ენერგიის სარგებლის შესახებ”, — ამბობს მარიამ ბოკერია, Green Energy-ის PR-ის სპეციალისტი.


Green Energy განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ივნისში კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, სახელწოდებით „მომავალი განახლებად ენერგიაშია“, რომელსაც  დარგის წამყვანი სპეციალისტები,  კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, თუ რა უპირატესობები აქვს მზის ელექტროსადგურებს და რა ტიპის ინოვაციების დანერგვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ღონისძიების მიზანი მონაწილეებს შორის კავშირების გაღრმავება და ახალი პარტნიორობების დამყარება იყო. 


“გარდა ღონისძიებისა, ჩვენ აქტიურად ვეწევით ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა მედიაში. ჩვენი მიზანია, ბევრს გავაგებინოთ, რატომაა მნიშვნელოვანი მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა. კომპანიებსაც, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, ხშირად ვუხსნით, რომ ხარჯების დაზოგვისა და ენერგეტიკის დარგის გაძლიერებაში წვლილის შეტანის პარალელურად, ეს ნაბიჯი მათ იმიჯზე სასარგებლოდ აისახება, რადგან საზოგადოება ახლა უფრო მეტად აფასებს ეკომეგობრულ კომპანიებს”, — ამბობს მარიამი. 


კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის მხარდაჭერასაც. ისინი რეგულარულად ატარებენ ლექციებს სტუდენტებისთვის, აცნობენ საინჟინრო პროფესიის უპირატესობებს და სთავაზობენ დასაქმებას. 


მრავალფეროვანი სერვისები

კომპანია Green Energy-ის სერვისები და პროდუქტები მრავალფეროვანია. ისინი მზის სადგურს ამონტაჟებენ როგორც სახურავზე, ისე მიწაზე. გარდა ამისა, პროექტირებას უწევენ ელექტრო ავტომობილების დასამუხტ სადგურებს, აქვთ გეოდეზიური და ტოპოგრაფიული, ასევე მზის პანელების რეცხვის პროფესიონალური მომსახურება და სხვა.


“თავდაპირველად მონტაჟი კერძო სახლებზე დავიწყეთ და პანელების სიმძლავრე 10-12 კილოვატი იყო. დღეს კი ჩვენი პანელების მინიმალური სიმძლავრე 100 კილოვატია. თუ ავიღებთ სემეკის მონაცემებს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულ კომპანიებზე, ნახევარზე მეტი სწორედ ჩვენ მიერ დამონტაჟებული ელექტროსადგურებიდან ჩაერთო. ნეტო აღრიცხვის სისტემის ბენეფიტზე ყოველთვის ვესაუბრებით ჩვენს მომხმარებლებს და ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სიახლეებს”,— ამბობს მარიამი. 


აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია პანელების უმსხვილესი მწარმოებლის, Yingli Solar-ის ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში, ამიტომ აქვს ყველაზე დიდი რაოდენობის პანელების იმპორტის შესაძლებლობა სწრაფად და განსაკუთრებული ფასით.


მომავლის გეგმები და ბიზნეს დაჯილდოება

მომავალი წლიდან Green Energy ინდუსტრიული პროექტების განხორციელებას გეგმავს. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ ქვეყანაში ეკონომიკისა და მწვანე ენერგეტიკის გაძლიერებას. 


“2023 წელი ჩვენთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო იმისათვის, რომ ინდუსტრიულ პროექტებზე გადავერთოთ. განახლებადი ენერგიის კუთხით, საქართველოში ახლა მხოლოდ ქარის ელექტროსადგურია გორში, ამიტომ ჩვენი სურვილია, პირველი მზის ელექტროსადგური ავაშენოთ საქართველოში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სულ მალე უდიდეს პროექტს დავაანონსებთ”,— ამბობს მარიამი. 


კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში სურდათ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა სათანადო მომენტს ელოდნენ. წელს ჩატარებულმა ღონისძიებამ კი მათ ამის ბიძგი მისცა. 


“ვფიქრობ, რომ დადგა დრო, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენი მიდგომები სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, სოციალური პასუხისმგებლობით თუ სხვა ნიშნით გამორჩეულმა კომპანიებმა გავიცნოთ ერთმანეთი, ხელი შევუწყოთ და ვუგულშემატკივროთ ერთმანეთს. ეს იქნება ერთგვარი სტარტი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ და უკეთესები გავხდეთ”,— ამბობს მარიამი. 


ინდუსტრია მუდმივად იცვლება, Green Energy კი ამ სიახლეებს ყოველდღე ფეხდაფეხ მისდევს. თუმცა უცვლელი რჩება მათი მისია — აამაღლონ ცნობიერება და გაზარდონ ხელმისაწვდომობა მწვანე ენერგიაზე, რადგან სჯერათ, რომ მომავალი სწორედ განახლებად ენერგიაშია.