Success Stories
„კორპორაცია ქართული ღვინის“ მზადება რთველისთვის, სიახლეები და გეგმები
ბიზნეს ბლოგი
22 August 2024
visibility 24660


„კორპორაცია ქართული ღვინო“ 2024 წლის რთველისთვის აქტიურად ემზადება - ქარხნის მიმდებარედ გაშენებული საკუთარი ვენახებიდან, 100 ტონამდე ქისის, ხიხვის, რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდება. ადგილობრივებისგან კი 4500 ტონა ყურძნის შეძენას გეგმავს.   

 

 

კომპანია უკვე წლებია ადგილობრივ მევენახეებთან თანამშრომლობს, რაც არა მხოლოდ ყურძნის შეძენას, არამედ მეღვინე-ტექნოლოგების მუდმივი მეთვალყურეობით, ყურძნის სიმწიფის და ხარისხის მუდმივ კონტროლსაც გულისხმობს.  სამომავლო გეგმებში საკუთარი ვენახების 20 ჰექტრამდე გაფართოებაც შედის.

 

 

„კორპორაცია ქართული ღვინისთვის“ პრიორიტეტულია როგორც ტრადიციული მეთოდების შენარჩუნება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 


 

კომპანიამ დამატებით შეიძინა წითელი ყურძნის ფერმენტაციის მრავალფუნქციური ცისტერნები და ტანგენციალური ფილტრი, რითიც საწარმოო მოცულობა 10000 ტონამდე გაიზარდა და ღვინის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

 

წელს კორპორაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აშშ-ის ბაზარზე, გააფორმა ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ორი ბრენდი - აკიდო და უმანო უკვე გაიცნო ამერიკელმა მომხმარებელმა.  ქართული ღვინის დაბალი ცნობადობა დიდ ბაზარზე მთავარი გამოწვევაა. ცნობადობის ასამაღლებლად უკვე დაგეგმილია აქტიური მარკეტინგული კამპანიები ყველასთვის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, მათ შორის - ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდარული მოთამაშის - შონ მერიმანის მონაწილეობით, რომელიც ქართული ღვინის დიდი მოყვარული და გულშემატკივარი აღმოჩნდა.

 

გასულ წელთან შედარებით, კომპანიის ექსპორტის მოცულობა 64%-ით გაიზარდა, თუმცა ახალი ბაზრების ათვისება ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად რჩება. აშშ-ის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კორეისა და ჩინეთის ბაზრებზე შესასვლელად.

 

 

2023-2024 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო აღიარების კუთხითაც. კომპანიამ 30-მდე ჯილდო მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორებიცაა: Decanter, Mundus Vini და IWSC. განსაკუთრებით აღსანიშნავია უმაღლესი სინჯის, ტროფის ჯილდოები, რომლებიც კომპანიის მუკუზანმა და რქაწითელი ქვევრმა დაიმსახურა.

 

 

„კორპორაცია ქართული ღვინისა“ და თიბისის პარტნიორობა 25 წლიან ისტორიას ითვლის. ტრადიციულად, თიბისის მხარდაჭერით, წელსაც მასშტაბური რთველი იგეგმება. ასევე, თიბისის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე საინტერესო პროექტზე, რაც კორპორაციის პროდუქციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. იგეგმება ბრენდის, ჭაჭის, ცქრიალა ღვინისა და პეტნატების წარმოება. ასევე, უნიკალური ქართული ჯიშებისგან პრემიალური და სარეზერვო ღვინოების დამზადებაც.