Success Stories
სასტუმრო „ესკიზი“ თელავში
21 August 2020
visibility 3763

სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა - დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქურის გამო, რომელიც აქ არის. 

„რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა მისი დაკარგვა. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან,“ - აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე. 



„ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებული სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით - სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს. 

„ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანს იტევს. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული.

 უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს.