Success Stories
თიბისის მხარდაჭერით განვითარებული ბიზნესები
ბიზნეს ბლოგი
30 May 2022
visibility 6255


კომპანიებს, რომლებზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ორი რამ აერთიანებთ - ქალაქი ქუთაისი, რომელშიც ისინი საქმიანობას ეწევინ და თიბისი, რომელიც ამ ბიზნესების დაარსებაში და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


გრანდ ოპერა



შენობა, რომელშიც ამჟამად სასტუმრო   „გრანდ ოპერაა“ განთავსებული, მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლია. ის ქეთევან აბაშიძემ 2014 წელს აუქციონზე შეიძინა, საკუთარი ძალებითა და  კულტურული მემკვიდრეობის მართვის სააგენტოს დახმარებით აღადგინა და, შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, ფასადს პირველსახე დაუბრუნა.  ქუთაისში ისტორიულად „პალას ოტელად", „გასტრონომი ნომერ 4-დ" თუ „მასწავლებლის სახლად“ ცნობილ სახლში, 2021 წელს, ქეთევან აბაშიძემ თიბისის დახმარებით ბუტიკის სტილის, დახვეწილი, ხარისხზე და ეკოლოგიაზე ორიენტირებული სასტუმრო გახსნა და ამით კულტურის ძეგლს ახალი სიცოცხლე შესძინა.

ქუთაისის ტრადიციების გათვალისწინებით, მასპინძლებმა კონცეფცია სტუმრის კომფორტს მოარგეს და დიზაინიცა და მენიუც საგანგებოდ შეარჩიეს. 

„გრანდ ოპერაში“  10 კატეგორიის 22 დახვეწილი და კომფორტული ოთახია.



ქეთევან აბაშიძე

 


„თავიდანვე ვეცადეთ გამოვსულიყავით სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინეთ დეტალებზე, ხარისხზე, დიზაინზე, ამიტომაც სასტუმროებში გავრცელებული თეთრი და არაპრეტენზიული ფერების ნაცვლად, ჩვენი ოთახები მწვანე და ლურჯი ფერისაა. ავეჯი და ფანჯრები მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, ხისგან დავამზადეთ. ოთახები აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემით, მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით, „მეამას“ ყავის კუთხით,  უმაღლესი ხარისხის მატრასებით და თეთრეულით კომფორტული და მშვიდი ძილისთვის“, - ამბობს „გრანდ ოპერის“ დამფუძნებელი, ქეთევან აბაშიძე.



ბოლო სართულზე განთავსებულ ბარ-რესტორან „გალერი ტერასასთან “ ერთად, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირველ სართულზე განლაგებული რესტორანი, რომელსაც ოდესღაც ამ შენობაში მცხოვრები ცნობილი ქუთაისელის, ფოტოგრაფი ილოს ხსოვნის პატივსაცემად, „ილოს გალერეა“ დაარქვეს. სპეციალურად მოწყობილ ღვინის დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ თავად დაათვალიერონ, შეარჩიონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ღვინო.


სანიმუშო



კაფე-საცხობი „სანიმუშო“ ქუთაისელებისთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ადგილია, რომელიც ქალაქში რამდენიმე ათწლეულის წინ დაარსდა. ეს ფართო ვიტრინებიანი, მყუდრო, სტუმართმოყვარე სივრცე თორნიკე გელაშვილმა და მისმა და-ძმამ 2017 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარეს და მისი ხსოვნის პატივსაცემად კაფე-საცხობის სათანადოდ განვითარება გადაწყვიტეს. ხარისხი და გამჭვირვალე სამზარეულო ის მთავარი პუნქტებია, რითაც ოჯახი მამის ტრადიციას აგრძელებს. ამას დამატებული კვალიფიცირებული, გამოცდილი პერსონალი და თანამედროვე დიზაინი ამ სივრცეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.



თორნიკე გელაშვილი

 

„ამ კაფე-საცხობში მამამ დიდი შრომა ჩადო. ჩვენც, მამის გამო, ამ ადგილთან განსაკუთრებული ემოციური ბმა გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, „სანიმუშო“ თანამფლობელებისგან გამოგვესყიდა და მამის საქმე გაგვეგრძელებინა. ის, რაც „სანიმუშოს“ სხვებისგან გამოარჩევს, ათწლეულების გამოცდილება, მომსახურების და პროდუქციის ხარისხი და მყუდრო სივრცეა,  როგორც დასაჯდომად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ასევე სამუშაოდ.  ამას ემატება ის, რომ ქალაქის ამ ნაწილში სიცოცხლე განსაკუთრებულად ჩქეფს“,- ამბობს თორნიკე გელაშვილი.



თიბისის მხარდაჭერით უკვე დაგეგმილია და მალე ამუშავდება „სანიმუშოს“ ახალი მიმართულება - ფიტნეს-კლუბებისთვის ფიტ-საკვების მიწოდების სერვისი. ასე რომ ქუთაისის ფიტნეს-კლუბებში სულ მალე გამოჩნდება „სანიმუშოს“ მიერ საგანგებოდ შერჩეული ჯანსაღი საკვების მენიუც.

 

ექსტრამითი



კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ისტორია 2000 წელს, ქალაქ ქუთაისში, თევზეულის წარმოებით იწყბა. თევზს 2010 წლიდან ხორცპროდუქტების წარმოება დაემატა და კომპანია ახალი სახელწოდებით - „ექსტრამითით“ გამოჩნდა ბაზარზე. მალევე "ექსტრამითის", მრავალფეროვან ნაწარმს კიდევ ერთი, ნახევარფაბრიკატების მიმართულება შეემატა და კომპანიას ერთგული მომხმარებელი  გაუჩნდა როგორც თავად ქუთაისში, ასევე მთელ დასავლეთ საქართველოში. რამდენიმე წელიწადში კი, 2015 წლიდან, „ექსტრამითის“  პროდუქციამ  მთელი საქართველოს ბაზარი მოიცვა. 

მამის, გიორგი ტურაბელიძის მიერ დაწყებული საქმეში 2019 წელს მისი შვილი  ჩაერთო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის დროც დადგა. თიკო და „ექსტრამითის“ გუნდი სიახლეებს არ შეუშინდა და თიბისის დახმარებით მამის მიერ დაწყებულ წარმოებას კიდევ ერთი ახალი მიმართულება - პავილიონები დაამატა.


თიკო ტურაბელიძე

 


„პავილიონები, ფაქტობრივად, სულ სხვა მიმართულების ბიზნეს-კომპონენტია  და საკმაოდ სარისკო საქმე იყო, თუმცა გავრისკეთ და მალევე მივხვდით, რომ რისკმა გაამართლა - მომხმარებელმა პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო. 15 კვადრატული მეტრის ფართის პავილიონში თავიდან ჩვენივე ნაწარმისგან დამზადებული 20 დასახელების სწრაფი კვების პროდუქტს ვთავაზობდით მომხმარებელს. რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა და დღეს უკვე 30-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ვყიდით. პირველივე პავილიონის დადგმამ ქალაქში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ მათი რიცხვიც სწრაფად გავზარდეთ. ახლა 7 ობიექტი გვაქვს და ძალიან   მალე მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმით, გარდა იმისა, რომ მომხმარებლის სურვილებს   ვაკმაყოფილებთ, ქალაქის განვითარებაშიც ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს მოტივაციას - არ შევჩერდეთ და ყოველდღიურად მთელი შემართებით განვავითაროთ ჩვენი წამოწყებული საქმე“, - ამბობს თიკო ტურაბელიძე.



„ექსტრამითს“ მთელი საქართველოს მასშტაბით დღეისათვის 250 თანამშრომელი ჰყავს. თუმცა   დასაქმებულთა რაოდენობაც, კომპანიის წარმატებასთან ერთად, თვიდან თვემდე იზრდება. მალე „ექსტრამითის“ პავილიონების გახსნა თბილისში, შემდეგ კი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა  დიდ ქალაქში იგეგმება.