Business news
თიბისის პარტნიორი კომპანიების 80-მდე ფინანსური მენეჯერი და ბუღალტერი დატრენინგდა
BM.ge
22 December 2020
visibility 2459

თიბისიმ, პარტნიორი კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის, უკვე მეორედ, სატრენინგო კურსი ჩაატარა. წელს, თიბისის პარტნიორი კომპანიების 80-მდე წარმომადგენელმა ტრენინგ-კურსი ისეთ თემებზე გაიარა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია: 

  • ქცევითი ფინანსები და მისი როლი კრიზისის დროს; 
  • საკუთარი კაპიტალი vs მოზიდული რესურსი - რა იცვლება კრიზისის დროს? 
  • როგორ შევაფასოთ ინვესტიციები და რა იცვლება კრიზისის დროს? 
  • კრიზისის დროს განსაკუთრებით გამოსადეგი უორენ ბაფეტის ესეების გარჩევა. 

თიბისიში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ კომპანიებს არამხოლოდ ფინანსურად, არამედ რჩევებითა და რეკომენდაციებითაც დაუჭირონ მხარი და ყველა ის შესაძლებლობა შესთავაზონ, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს. კრიზისულ რეალობაში, თიბისისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორმა კომპანიებმა შეუფერხებლად შეძლონ განვითარება. 

სატრენინგო კურსის ტრენერი, საკონსულტაციო კომპანია „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორი - შალვა ახრახაძე, BM.GE-ის ამ ტრენინგების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა ნებისმიერი კომპანიისთვის განვითარებისა და სწავლების პროცესი დაუსრულებელია. 

„შესაძლოა, ფინანსები შედარებით სტატიკურ სფეროდ მოგვეჩვენოს, რაც დიდი შეცდომა იქნება. ფინანსური აღრიცხვის, ანალიზის, შეფასებისა თუ მართვის კუთხით, ბევრი რამ საკმაოდ სწრაფი ტემპით იცვლება და ვითარდება. წელს, რადგან ბევრი მიმართულებით, უცნაურ მდგომარეობაში ვართ, ტრენინგ-კურსზე აქცენტი იმაზე გაკეთდა, რისი გათვალისწინებაც ბიზნესებს ყოველდღიურ ფინანსურ მენეჯმენტში მოუწევთ. ამასთან, ტრენინგების დროს, კომპანიებმა ერთმანეთს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კომპანიებისთვის ეს ტრენინგები წელს კიდევ უფრო ღირებულია, ვიდრე სტანდარტულ სიტუაციაში. ასეთ გარდამავალ, ბევრი კითხვის ნიშნითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, თიბისი არ ცვლის თავის პრიორიტეტებს და ზრუნავს პარტნიორებზე“, - განაცხადა შალვა ახრახაძემ. 

თიბისის სატრენინგო კურსის ხელმძღვანელი კურსის ფარგლებში თუ მის მიღმა, კომპანიებს რამდენიმე რჩევასაც აძლევს: 

„მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრ პრობლემასაც არ უნდა გვიქმნიდეს კრიზისი და რამდენად ბევრი ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა არ უნდა ახლდეს მას, ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ვეცადოთ მდგომარეობა საჩვენოდ გამოვიყენოთ. ასევე, ყოველი სტრატეგიული გადაწვეტილების მიღებისას, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მსხვილი სურათის მიხედვით და გრძელ ვადაში შევაფასოთ ჩვენ წინაშე არსებული ალტერნატივები“, - აღნიშნა შალვა ახრახაძემ. 

მან კრიზისულ სიტუაციებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა, რაც სატრენინგო კურსის ერთ-ერთი თემაა იყო. 

„რაც შეეხება ინვესტიციების საკითხს, სატრენინგო თემის ერთი ნაწილი უფრო ტექნიკურია და კალკულაციის გზას ეხება. მეორე საკითხი კი ინვესტიციების განხორციელებისას სწორი დროისა და ადგილის მოძიებას გულისხმობს. ფსიქოლოგიურ განწყობას თუ დავეყრდნობით, შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ კრიზისულ პერიოდში ინვესტიციების დრო არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი მიმათულებით ჩნდება ინვესტირების კარგი შესაძლებლობები. მაგალითად, რომ გდომოდათ საერთაშორისო კომპანიებში აქციების ყიდვა, მარტის შემდეგ ამას საუკეთესო ფასად შეძლებდით, რადგან აქციების ღირებულება დაბალი იყო. ასევე, საკუთარი სტარტაპ-ინვესტიციების განხორციელების კუთხითაც, კრიზისის დროს სხვადასხვა მიმართულებით ხელსაყრელი გარემოებები გაჩნდა“, - ურჩევს შალვა ახრახაძე ბიზნესსუბიექტებსა თუ დამწყებ სტარტაპერებს.