Business news
თიბისის ბიზნეს აპი ოპერაციებს ერთი დიჯიპასით დაგადასტურებინებთ — Connect-ის გამოცდილება
12 September 2020
visibility 1810

სამყაროში, სადაც ყველაფერი აჩქარებულია, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად ვიღებთ და ვცდილობთ, ტექნიკურ საკითხებს მინიმალური დრო დავუთმოთ, მობილური ჩვენი მთავარი "მეგობარი" და ასისტენტი გახდა. სმარტფონით უკვე ოფისში მისვლის გარეშეც ვაგვარებთ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს, ვპასუხობთ საჩქარო მეილებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მობილური ბიზნესისთვისაც განუყოფელი ნაწილია და თანდათანობით ყველა ის საქმე, რისთვისაც ჯერ ფურცლების უზარმაზარი დასტა, შემდეგ კი კომპიუტერი იყო საჭირო, ახლა მისი დახმარებით რამდენიმე წამში კეთდება. 

მსოფლიო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც თანდათანობით სამსახურები და საქმიანობები მობილურთან მეგობრული ხდება, თიბისი კიდევ ერთი ახალი პროდუქტის, ბიზნეს აპის შექმნით გამოეხმაურა. აპლიკაცია უშუალოდ ბიზნესის მმართველების და გადაწყვეტილების მიმღები პირების საჭიროებებზეა მორგებული და ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი მობაილბანკისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციით განსხვავდება. ეს ფუნქციებია:

 

  • ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურება;
  • ბიზნესანგარიშებს შორის გადართვის ფუნქცია;
  • IBAN სკანერი.

ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურება

 

ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურების შესახებ ბიზნესსეგმენტების მართვის ლიგის წევრი, ლევან კობერიძე გვესაუბრა. ლევანი IOS დეველოპერია და გუნდთან ერთად მობაილბანკის IOS სისტემების ტექნიკურ მხარდაჭერაზე აქტიურად მუშაობს.



ლევანი გვიხსნის, რომ რეალურ ცხოვრებაში, სადაც სხვადასხვა დოკუმენტი ფურცელზე იბეჭდება და ცხადად ხელშესახებია, ფინანსური გადაწყვეტილებების დასადასტურებლად ხელმძღვანელის ხელმოწერაა საჭირო. აი, ციფრულ სამყაროში კი ყველაფერი უფრო მარტივია — ტრანზაქციების შესრულებისთვის ან სხვადასხვა დავალების დასადასტურებლად თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში მხოლოდ დიჯიპასია საჭირო. დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია ფინანსური საშიშროებებისგან.

 

ის გვიყვება, რომ ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია მობილურ აპლიკაციაშიცაა ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია შეასრულონ.

 

ლევანის თქმით, ბიზნეს აპის ახალი ფუნქციები კომპანიის მართვას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად ესწრებიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, მოგზაურობენ, ნაკლებ დროს ატარებენ ოფისში, ამიტომ მაშინ, როცა ფინანსური ოპერაციები ან სხვა დავალებები საჩქაროდ დასადასტურებელია, ახალი ფუნქციით ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი ხდება — ისინი ოპერაციების დადასტურებას კომპიუტერის ნაცვლად მობილურის დახმარებით, ერთი დიჯიპასით, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძლებენ.

 

"სამომავლოდ კიდევ ბევრი რამ იგეგმება. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გარკვეული ხედვა, თუ როგორი შეიძლება გახდეს ბიზნეს აპი. ამ ეტაპზე ბიზნეს აპი ინტერნეტბანკიდან გადმოტანილი ფუნქციებითა და რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, თუმცა მომავალში კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და საბოლოო ჯამში ის გახდება ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია, სადაც ბიზნესის მფლობელებსა და ხელმძღვანელებს არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესრულება ან ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესების მართვაც", — ამბობს ის.

 

მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებისგან გამოხმაურება უკვე მიიღეს და ყველა აღნიშნავს, რომ აპლიკაციით სარგებლობა მათ დროსა და ენერგიას უზოგავს.

 

მაინც როგორია ბიზნეს აპი ყოველდღიურობაში? — ამ საკითხზე მარკეტინგული სააგენტო Connect-ში გვესაუბრნენ.

 

როგორ იყენებენ ბიზნეს აპს Connect-ში?

 

Connect მარკეტინგული სააგენტოა, სადაც კორპორატიულ ლოგო ბრენდინგს, მარკეტინგულ სტრატეგიას თუ კომპანიის სახელს ქმნიან. ის ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიასაც წარმოადგენს, რომელიც საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას უზრუნველყოფს.




როგორც Connect-ის კრეატიული დირექტორი, დავით რიკიაშვილი გვიყვება, მათი ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მომხმარებლისთვის თანამედროვე და ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა. ამის შესაძლებლობას კი Connect-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აძლევთ.

 

"როდესაც მე და ჩემმა პარტნიორმა 2010 წელს Connect დავაფუძნეთ, მიზნად დავისახეთ, იმ სექტორის განვითარებაში მიგვეღო მონაწილეობა ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით, რაც საქართველოში შედარებით ახალი მიმართულება იყო. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა უფრო კონკრეტული ხედვებიც. საქმესთან ერთად ჩვენც გავიზარდეთ, რაც ახლაც უწყვეტი პროცესია. ახალ გამოწვევებს დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით, ხოლო შედეგი ჩვენ მიერ შესრულებული პროექტებია", — აღნიშნავს დავითი.

 

დავითი ამბობს, რომ დღეს მათი გუნდის შრომა და საქმისადმი მიდგომა საზოგადოებამ დააფასა, რაც მათ კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და ძალას აძლევთ, რათა უკეთესი პროდუქტი შექმნან.

 

"ჩვენი მიზანია, გავუფრთხილდეთ იმ რეპუტაციას, რომელიც ამ დროის მანძილზე მოიპოვა კომპანიამ. შესაბამისად, მთელი ყურადღება ეთმობა გუნდის განვითარებას, ახალი მეთოდების დანერგვას და საინტერესო პროექტების ხორცშესხმას. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობასთან და ხარისხთან ერთად სტაბილურობა ჩვენი მთავარი მონაპოვარია. ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს და ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას ვებ-დეველოპმენტში", ამბობს დავითი.

 

ის გვიყვება, რომ კომპანიის ყოველდღიურობას თან უამრავი ფინანსური ვალდებულებაც ახლავს, რისი გადაჭრაც ალბათ მთელ დღეს წაართმევდათ, რომ არა ციფრული და მობილური მომსახურება. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მობილურობა, რაც დროსთან მიმართებაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ვცდილობთ, ამას ჩვენც არ ჩამოვრჩეთ", — გვიყვება დავითი

 

მათ კომპანიაში მენეჯმენტ პროგრამაც აქვთ დანერგილი, რომელიც საქმის უშეცდომოდ წარმოებაში ეხმარებათ. ფინანსურ ნაწილში კი კომპანია თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის აქტიური მომხმარებელია, საიდანაც ფაქტობრივად ყველა ფინანსურ ოპერაციას ახორციელებენ.

 

Connect-ში ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. დავითი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, მობაილბანკის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მათთვის დიდი კომფორტია.




"წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი — თუნდაც ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის — და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა კომფორტზეც ვსაუბრობ"— ამბობს ის.

 

დავითის თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. "თიბისის მობაილბანკი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის გამოყენების პროცესში", — აღნიშნავს ის.

 

Connect-ში ამბობენ, რომ აპლიკაციასთან ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და გუნდთანაც დამატებითი შენიშვნები არ აქვთ. რაც მთავარია, სამომავლოდაც დიდი ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ, რაც ბიზნესს ახალისებს და ავითარებს.