Business news
Base2 - სტარტაპი, რომელიც პროგრამირებას თამაშ-თამაშით ასწავლის
სტარტაპ ბლოგი
14 February 2023
visibility 7694



ინოვაციურობა, პრობლემებიდან გამოსავლის ძიება, მომავლის საქმე — ესაა ტერმინები, რომლებსაც სტარტაპებზე საუბრისას ყველაზე ხშირად იყენებენ. სტარტაპერები მართლაც ცვლიან თამაშის წესებს, ქმნიან ახალ პროდუქტებს და ამარტივებენ ყოველდღიურობას. იმავე მისიას — ადამიანების ცხოვრების გამარტივებას — ემსახურება თიბისიც, რომელიც მრავალი წელია, მეწარმეობისა და ინოვაციების მხარდასაჭერად პროექტ სტარტაპერს ახორციელებს: მცირე ბიზნესებს სთავაზობს რეგულარულ ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.


სტარტაპ ისტორიების ფარგლებში ამჯერად მოგიყვებით სტარტაპზე, რომელიც მოზარდებისთვის საგანმანათლებლო და გასართობ თამაშს ქმნის.


Base2 მობაილ ფაზლ თამაშია, რომლის დავალებები პროგრამირების პრინციპებს ეყრდნობა. იგი 10-დან 16 წლამდე მოზარდებს (და არა მხოლოდ მათ) საშუალებას აძლევს, თან გაერთონ და თან პროგრამირების საფუძვლებს გაეცნონ.


სტარტაპის დამფუძნებელს, ზაალ ჯანიკაშვილს, პროგრამირების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან შენიშნა, რომ მოზარდებისთვის სტანდარტული ლექციები მოსაწყენი იყო, თამაში უნდებოდათ, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, პროცესი გასართობი ელემენტებით გამოეცოცხლებინა.


“ამ პერიოდში მომივიდა იდეა, შემექმნა თამაში, რომლითაც მოსწავლე გაერთობოდა და ცოდნასაც მიიღებდა”, — იხსენებს ზაალი.


იდეაზე მუშაობა ზაალმა ერთი წლის წინ დაიწყო — მოახერხა იდეის ვალიდაცია, ჩაატარა კონკურენტების ანალიზი და მოიპოვა GITA-ს 15 000-ლარიანი გრანტი. ამის შემდეგ გუნდი შეკრიბა, რომლებმაც დაიწყეს დეველოპმენტი და მომხმარებელზე ტესტირება. 


ზაალი აღნიშნავს, რომ პროგრამირების სწავლის დაწყება რთულია, რადგან ეს დიდი სფეროა, ბევრი მიმართულებით. მისივე თქმით, სწავლა განსაკუთრებით რთულია მოზარდისთვის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ დარგზე. 


“სწორედ მოზარდებისთვის იქმნება თამაში და იგი მათ პროგრამირების საფუძვლებს შეასწავლის. ამაში კი რომელიმე პროგრამული ენა არ იგულისხმება, არამედ უფრო ზოგადი რამ. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ყველა სალაპარაკო ენას ერთი გრამატიკა აქვს და თუ გრამატიკა იცი, სიტყვების სწავლა და ნებისმიერ ენაზე ლაპარაკი მარტივი ხდება — სწორედ ამ “გრამატიკას” ვასწავლით ჩვენ და თამაშშივე ვაჩვენებთ, რისი გაკეთება შეუძლიათ მიღებული ცოდნით”, — ამბობს ზაალი.


Base2-ის კიდევ ერთი მიზანი მოზარდებში სასკოლო საგნების — მათემატიკის, ინგლისურის, თუ ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივებაცაა, რადგან თამაში უჩვენებს, როგორ გამოიყენონ ამ საგნებში თეორიული ცოდნა რეალურად. სტარტაპის მომდევნო გეგმაც საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება — სურთ, საქართველოში სკოლებში პროგრამირების საფუძვლები შეიტანონ.


აღსანიშნავია, რომ Base2 მონაწილეობას იღებდა თიბისის მიერ მხარდაჭერილ პროექტში სტარტაპ პრე-აქსელერატორი, რომელსაც Impact Hub Tbilisi ახორციელებდა. 


“ადრეულ ეტაპზე მყოფმა სტარტაპმა ყველა პრეაქსელერაციის პროგრამასა თუ საგანმანათლებლო პროექტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს აუცილებელიც კია”, — ამბობს ზაალი და იხსენებს, რომ სწორედ სტარტაპ პრე-აქსელერატორის დახმარებით შეიძინა ყველაზე ბევრი ნაცნობი და საკუთარ იდეაზე, პროდუქტზე თუ ფინანსების მოძიებაზე რჩევებიც მიიღო.


ახლა ის გუნდის კიდევ ორ წევრთან, პროგრამისტთან და დიზაინერთან ერთად, თამაშის MVP-ის დახვეწაზე მუშაობს, აკვირდება მომხმარებლების ქცევას, რაც საშუალებას აძლევს, გააანალიზოს, რა მოსწონთ და რისი შეცვლაა საჭირო.


მარტის შუა რიცხვებისთვის განახლებული MVP იქნება მზად და აპირებენ, სკოლებში შევიდნენ, რათა პროდუქტი მოსწავლეებზე დატესტონ. მომდევნო ეტაპი ფანდრაიზინგია, რათა პროდუქტმა სრულყოფილი სახე მიიღოს. შემდეგი მიზანი კი კიდევ უფრო დიდია — სურთ, მთლიანად მოიცვან საქართველო.  “გვინდა, ყველა ბავშვს ჰქონდეს ნათამაშები Base2 და პროგრამირების საფუძვლებში ერკვეოდეს, რადგან ეს მომავლის პროფესიაა”.


სტარტაპის მიზნები აქ არ სრულდება — აპირებენ, თამაში საზღვარგარეთ, პირველ ეტაპზე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში, გაიტანონ. იქაური ბაზრებიც შეისწავლეს და ბიზნესმოდელიც ჩამოაყალიბეს. რაც მთავარია, იციან, რა განასხვავებთ მათ კონკურენტებისგან:


“სხვა სტარტაპები უკანა პლანზე აყენებენ თამაშის ელემენტებს, შედეგად მოზარდებს ადვილად ბეზრდებათ ის.  Base2-ში კი პირიქით, პრიორიტეტულია გასართობი ელემენტები, ხოლო პროგრამირების საფუძვლები მოზარდებს ბუნებრივად, თამაშ-თამაშით შემოესწავლებათ”.