Business news
ემიგრაციიდან წარმატებულ მეწარმეობამდე - ქეთევან თომეიშვილის ამბავი
ტორესა მოსი
09 October 2023
visibility 9890



სამეგრელოდან იმერეთში, ვანთან ახლოს, სოფელ მთისძირში მივდივართ. აქ ჩვენი მასპინძელი ქეთევან თომეიშვილია, რომელიც ემიგრაციიდან თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა და საკუთარი ეზო წარმატებულ მეურნეობად აქცია. სახლს ადვილად ვაგნებთ გალავანთან ჩამწკრივებული ულამაზესი კაქტუსების წყალობით, უმალ რომ იპყრობს მნახველის ყურადღებას და  რაღაც უჩვეულოს ნახვის მოლოდინს რომ აღგიძრავს. ამ ინტერესს ჩვენი მასპინძლის თვალებში გამკრთალი ნაპერწკლებიც მიმძაფრებს. მისვლისთანავე გვეუბნება მოდით, დათვალიერება ჩემი საყვარელი კუთხიდან დავიწყოთო და პატარა შემოღობილი ტერიტორიისკენ მივყავართ, რომელშიც ერთმანეთის გვერდით  სხვადასხვა ჯიშის ქათმები, მტრედები, ფარშევანგები, ხოხბები და იხვები ცხოვრობენ. თითოეულ მათგანზე ჩვენი მასპინძელი  გატაცებით და დიდი ენთუზიაზმით გვიყვება; გვაცნობს თითოეულის ზნესა და ხასიათს და მართალია მეფრინველეობის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მისი განწყობა გადამდებად მოქმედებს, კიდევ უფრო მიმძაფრებს ცოტა ხნის წინ გაჩენილ ინტერესს, ამიტომ ვეკითხები: როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?!

 

ქეთევან თომეიშვილის გზა მარტივი არ ყოფილა. თხრობას იმ წერტილიდან იწყებს, როდესაც გაუსაძლისი გაჭირვების გამო შვილის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. წლების განმავლობაში არაერთი მძიმე სამუშაო შეუსრულებია და შესაბამისად, იცის რას ნიშნავს დასაქმებულის შრომა. მოგვიანებით, როდესაც ჩრდილში დავსხდებით და საუბარს განვაგრძობთ, მისი თანამშრომელი ეკა გამიმხელს, რომ თვითონაც სწორედ ქეთევანის წყალობით დაბრუნდა ემიგრაციიდან. ეკა ახლა მის მეურნეობაში მუშაობს და ისეთი კარგი პირობები აქვს, რომ თავის სარჩენად  სხვა ქვეყანაში წასვლა აღარ უწევს.  



 

ქეთევანი ამბობს, რომ როდესაც მის შვილს 15 წელი შეუსრულდა, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. შვილის აღზრდა და მისი მომავლის უზრუნველყოფა მისთვის მთავარია, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციიდან მხოლოდ პატარა სახლის აშენება შეძლო და დიდი ფინანსური რესურსი არ დაუგროვებია, მაინც დაბრუნდა. ხუთი წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მიყვება წლების განმავლობაში როგორ ანაწილებდა სახსრებს, რათა მცირე შემოსავალი, რომელსაც მძიმე შრომით იღებდა, მის ყველა საჭიროებას გასწვდენოდა. ამ მომენტში უნებურად ოთარაანთ ქვრივი მახსენდება, ქისებში რომ ანაწილებს თავის შემოსავალს და რკინის ხასიათითა და ნებისყოფით ახერხებს ცხოვრებას თავი არ დაუხაროს. ეს ჩემს მასპინძელთან თითქოს კიდევ უფრო მაახლოებს და ჩვენი საუბარიც უფროდაუფრო გულწრფელი ხდება. ყველაფერი, რასაც მის ეზოში ნახავთ, იქნება ეს სათბურები, თუ ფრინველების ფერმა, ქეთევანის მიზანიმართული შრომის, ფიქრის და დაუღალავი მცდელობის შედეგია. როდესაც ვეკითხები ხშირად მიმართავს თუ არა ექსპერიმენტებს, მეუბნება, რომ ზედმეტი რისკი არ უყვარს, თუმცა თავისზე გამოცდილი ადამიანების რჩევას ითვალისწინებს. მაგალითისთვის მიყვება, რომ თავდაპირველად ორი სათბური ააშენა და მწვანილის მოყვანა დაიწყო. ერთ დღესაც, ამ საქმეში მასზე უფრო გამოცდილი მეგობარი ესტუმრა, რომელმაც გადახედა მის სათბურებს და პირდაპირ უთხრა, რომ მწვანილის მოყვანა მისი საქმე არ იყო. ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვინც ასეთ რჩევას არათუ მიიღებდა, არამედ ნაწყენი არ დარჩებოდა, მაგრამ ქეთევანმა მეგობრის რჩევა გაითვალისწინა. ახლა ხუთ დიდ სათბურში უმაღლესი ხარისხის მარწყვი მოჰყავს და შეუძლია პარტნიორი კომპანიები წლის განმავლობაში სტაბილურად მოამარაგოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტით.  



 

სწორი რჩევის ამოცნობა და მისი სიტყვებით თუ ვიტყვით, „სხვის საუბარში სიმართლის მარგალიტების ამოკრეფა“ ის ნიჭია, რომელიც მას  არა მხოლოდ მარწყვის მოშენებაში, არამედ მეფრინველეობაშიც დაეხმარა. მეურნეობის თვალიერებას განვაგრძობთ. ქეთევანი ორ დიდ, კაპიტალურად ნაგებ შენობას გვაჩვენებს, რომელშიც თავდაპირველად ფრინველები ჰყავდა. როგორც გვიყვება, ვიდრე მეფრინველეობას მოჰკიდებდა ხელს,  სხვადასხვა ფერმა მოიარა. ნახა როგორ ჰქონდათ მოწყობილი ისინი სხვებს და თავადაც ასე გამართა ეს ორი შენობა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ პროდუქციის ხარისხი მის მოლოდინს არ ამართლებდა, გადაწყვიტა იმ კომპანიის საჩვენებელი ფერმა ენახა, რომლის საკვებსაც დღემდე ერთგულად აძლევს თავის ფრინველს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინანსურად მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თავდაპირველად აშენებულ ამ ორ ნაგებობას დღეს მხოლოდ საწყობად იყენებს, სანაცვლოდ კი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ორი ახალი ნაგებობა ააშენა, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფრინველმა თავი კომფორტულად იგრძნოს. მათი დათვალიერებისას მივხვდი, რომ მართლაც არაფერი მაწუხებდა, რადგან შიგნით იდეალური სისუფთავე იყო, არ იდგა სპეციფიკური სუნი, რაც ასე შემაწუხებელია ხოლმე ფერმებში და მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზაფხულის ულმობელი სიცხე იყო, შენობაში იდეალური ტემპერატურა იდგა. ფრინველისთვის სწორედ ასეთი პირობების შექმნით შეძლო ქეთევანმა ის, რომ მისი პროდუქცია უმაღლესი დონისაა და ის ამ ხარისხზე ზრუნავს წიწილის გამოჩეკიდან მის მომხმარებელთან მიტანამდე. 

ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევანმა ეს საქმიანობა ძალიან მწირი რესურსით დაიწყო. საკუთარი მიზნის მისაღწევად მან ყველა შესაძლებლობა გამოიყენა - იქნებოდა ეს თიბისის აგროსესხების პროგრამა თუ მცირე გრანტები, მაგრამ როგორც მეუბნება, მთავარია გახსოვდეს, რომ შენი მომავალი საკუთარი შრომით უნდა შექმნა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.  

ქეთევან თომეიშვილს ვემშვიდობებით და თან მიმყვება განცდა, რომ თუ ყველა მის მსგავსად საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, ერთ დღეს მართლა შეიძლება ადამიანები ამ ქვეყნიდან კი არ გარბოდნენ, არამედ აქ ქმნიდნენ საკუთარ კეთილმოწყობილ აწმყოს და ნათელ მომავალს.