Business news
გახდი ფერმერი - თიბისი დამწყები ფერმერებისთვის ახალ პროექტს იწყებს
ბიზნეს ბლოგი
25 November 2021
visibility 10678



ადგილობრივი წარმოების ქათმის ხორცით საქართველოს ბაზრის მხოლოდ 33% მარაგდება, დანარჩენი 67% კი იმპორტია. რა პერსპექტივები აქვთ ჩვენს ფერმერებს, რომ იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლონ და რას სთავაზობს მათ თიბისი მხარდაჭერის მიზნით, ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ. 

საქართველოში ფრინველის, კერძოდ ქათმის ხორცზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 71 ათას ტონა ქათმის ხორცს მოიხმარს, რაც ქვეყანაში ჯამურად მოხმარებული ხორცპროდუქტების თითქმის 53%-ია. ამჟამად ქვეყანაში 360 ათასამდე დიდი, საშუალო და მცირე შინამეურნეობაა, სადაც წელიწადში საშუალოდ 10 მილიონ ფრთა ქათამს ზრდიან. 

მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის და ადგილობრივი წარმოების გაზრდის მიზნით თიბისი დამწყებ ფერმერთათვის ახალ პროექტს იწყებს. თიბისი იმ სტარტაპერებს დააფინანსებს, რომელთაც მეხორცული ქათმის ჯიშების წარმოება სურთ. ბანკი ბენეფიციარებს ერთი მხრივ საჭირო ფინანსური რესურსით, მეორე მხრივ კი საჭირო ცოდნით უზრუნველყოფს, რასაც პარტნიორი აგროკომპანიების საშუალებით განახორციელებს. 

თიბისი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს, რაშიც 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. დაფინანსებას მხოლოდ ის პირები მოიპოვებდნენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი შანსია დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.

,,ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით ის დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა. ერთ-ერთი ასეთი დარგი მეხორცული მეფრინველეობაა, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია  ბაზრის მხოლოდ 30-34%-ს აკმაყოფილებს და ორჯერ მეტი იმპორტი გვჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმერს შევთავაზოთ მხარდაჭერა, მას მენტორობას გაუწევს გამოცდილი კომპანია“, - განაცხადა შოთა გონგლაძემ, რომელიც თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტია აგრობიზნესის მიმართულებით. მისივე განმარტებით, თიბისი ამ პროექტის ფარგლებში  შპს ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

,,ისინი გასცემენ კონსულტაციებს, ჰყავთ გამოცდილი კადრები, ვეტერინარები მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეთევზეობის მიმართულებით. სწორედ  მეხორცული მეფრინველეობის მიმართულებით ვითანამშრომლებთ ამ კომპანიასთან, რომელიც შესთავაზებს დაინტერესებულ პირს სრული ციკლის დაგეგმვას. კერძოდ, აღნიშნული კომპანია  დამწყებ ფერმერს მოუმზადებს კალკულაციას, თუ რა ხარჯები ექნება, დაეხმარება წიწილის შერჩევაში, ფერმის აღჭურვილობის მოძიებასა და იმპორტში, ფერმის მოწყობის სტანდარტების შემუშავებაში და შემდგომ კურატორობას გაუწევს პროცესს, რომ სწორად აშენდეს და  აღიჭურვოს ფერმა. თავიდან ბოლომდე დაუგეგმავს საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში.  ასევე, ფერმერს მიაწვდის ფრინველის საკვებს, რომელსაც თავად აწარმოებს; ანუ, ფერმერი ყველა საჭირო ინფორმაციას ერთი კომპანიისგან მიიღებს, რომელიც იქნება მისი წარმატების საწინდარი ამ პროცესში“, - განაცხადა  შოთა გონგლაძემ. 

როგორც გონგლაძე განმარტავს, სესხის გაცემის სქემას ბენეფიციართან ერთად შეადგენენ. სტარტაპის პირობების თანახმად, სესხის მოცულობა 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა, მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელი. სესხის მომსახურების ჯამური პროცენტი ინდივიდუალურად დაითვლება და დამოკიდებული იქნება გასაცემი თანხის მოცულობაზე. 

,,ამ შემთხვევაში სტარტაპის დაფინანსებისას ვეყრდნობით საპროგნოზო შემოსავლებს, ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განვიხილავთ პროექტს, ვგეგმავთ მისაღები შემოსავლის პერიოდს და გავწერთ დროში. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს  ფინანსურ რესურსს, მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითად საშუალებებს დავაფინანსებთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფოსთან ერთად ვახორციელებთ, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის ძირ თანხაზე დარიცხულ პროცენტს 11%-ის ოდენობით.  ძირითადი საშუალებები მეფრინველეობაში არის შენობა (აშენება და მისი რემონტი), აღჭურვილობა, საკვებურები, წყლის სისტემა, გაგრილების, გათბობის და სავენტილაციო სისტემები; საკვები და წიწილი საბრუნავი საშუალებებია და სახელმწიფო არ აფინანსებს. ამ მიმართულებით ჩვენი რესურსით გავცემთ სესხებს და სავალდებულოა მსესხებლის თანამონაწილეობა, რაც მინიმუმ 20-30%-ს უნდა შეადგენდეს“ , - განაცხადა შოთა გონგლაძემ. 

როგორც დარგის ექპერტები განმარტავენ, ქათმის ხორცზე მაღალ მოთხოვნას, პირველ რიგში სხვა ხორცპროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფე განაპირობებს, მეორე ფაქტორი კი მისი ადვილად ხელმისაწვდომობაა. როგორც კომპანია ,,ნუტრიმაქსის“ მეფრინველეობის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ლაშქარაშვილი აცხადებს, ქათმის ხორცს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 96% მოიხმარს, მისივე თქმით წლიურად ერთ სულ მოსახლეზე ქათმის ხორცის მოხმარება საშუალოდ 19 კილოგრამს შეადგენს, მსხვილფეხა პირუტყვის - 8 კილოგრამს, ხოლო ღორის ხორცის - 11 კილოგრამს.

,,ქათმის ხორცი ცილის იაფ წყაროს წარმოადგენს და მისი წარმოება დღეს ინტენსიურად არის შესაძლებელი, წლის მანძილზე რამდენიმე თაობა შეგვიძლია გავზარდოთ. ქათმის ხორცს ყველა ეროვნების და მრწამსის ადამიანი მოიხმარს, მარტივია მისი ყიდვა ჯიხურებში, თუ უბნის მაღაზიებში. რამდენიმე წელია საქართველოში ქათმის ხორცზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა; მაგალითად, 2016-დან  2019 წლის ჩათვლით ქათმის ხორცის ბაზრის მოცულობა 40%-ზე მეტით გაიზარდა, შედარებისთვის - 2019 წელს ქათმის ხორცზე მოთხოვნა იყო 72.6 ათასი ტონა, ხოლო 2016 წელს  - 51.6 ათასი ტონა. გამონაკლისია 2020 წელი, როდესაც მოთხოვნა 71.7 ათასი ტონა დაფიქსირდა, ამ წელს შემცირების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს პანდემია და ტურისტული სეზონის ჩავარდნა, რის გამოც ჰორეკას ქსელმა შეფერხებით იმუშავა“, - განმარტავს თორნიკე ლაშქარაშვილი. 

მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, საქართველოს ბაზრის  ადგილობრივი ფრინველის ხორცით უზრუნველყოფის მაჩვენებელი საშუალოდ 33%-ს შეადგენს, დანარჩენი 67% კი იმპორტირებულ პროდუქციას უკავია. ბოლო წლების განმავლობაში იმპორტი სტაბილურად იზრდება, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული იყო 56,7 ათასი ტონა ქათმის ხორცი, რაც 2019 წლის მაჩვენებელს (54,4 ათასი ტონა) 4,2%-ით აღემატება.  


იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადი მომწოდებელი თურქეთია, რომელზეც იმპორტის 62% მოდის, ქათმის პროდუქტების 18% შემოდის უკრაინიდან, 16% - ბრაზილიიდან, დანარჩენი 4% კი - სხვა ქვეყნებიდან. როგორც შპს ,,ნუტრიმაქსის“  მეფრინველეობის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ლაშქარაშვილი აცხადებს, იმპორტირებული პროდუქციის  98% გაყინულია. ადგილობრივი წარმოება იმპორტთან შედარებით ბევრად მცირეა, თუმცა, ქათმის ხორცის წარმოების დინამიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდია.  

2020 წელს საქართველოში 23,7 ათასი ტონა ქათმის ხორცი აწარმოეს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს (22,4 ათასი ტონა) 5,8%-ით აღემატება. როგორც შპს ,,ნუტრიმაქსის“  მეფრინველეობის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ლაშქარაშვილი აცხადებს,  ქართველ მეწარმეებს შუძლიათ ქათმის ხორცის წარმოების ზრდა, თუმცა ადგილობრივ ნაწარმს იმპორტირებული კონკურენციას დაბალი ფასით უწევს. როგორც ადგილობრივი მწარმოებლები განმარტავენ, ქართული პროდუქცია რომ კონკურენტუნარიანი გახდეს, საჭიროა გაცილებით იაფი დაუჯდეთ  წარმოება. 

მეწარმეებს, ხელშეწყობის პირობებში, საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ადგილობრივი ბაზარი დააკმაყოფილონ, არამედ ქათმის ხორცის ექსპორტიც გაზარდონ. ამჟამად საქართველოდან ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება.   2020 წელს ექსპორტმა 8,7 ათასი ტონა შეადგინა, რომლის 94% სომხეთზე მოდის.

 კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რასაც დარგში აწყდებიან, არასათანადო ცოდნა და არასაკმარისი ფინანსური რესურსია.  

,,როდესაც საქმიანობას იწყებ უნდა იცოდე რას აკეთებ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ საქმეს, ჩვენს რეალობაში ფერმერები ძირითადად საკუთარ პრაქტიკაზე სწავლობენ, რაც ხშირად მათი ფინანსური ზარალით მთავრდება. დამწყები ფერმერი, ვისაც არა აქვს საჭირო რაოდენობით ფინანსური რესურსი, ცდილობს ეკონომიურად გააკეთოს ყველაფერი: საფრინველე მოაწყოს ეკონომიურად, მცირე ფართობზე გაზარდოს დიდი რაოდენობით ქათამი, ვერ ამონტაჟებს ვენტილაციის და გაგრილების სისტემას, დროულად ვერ აძლევს ფრინველს სამკურნალო საშუალებებს, ვერ იყენებს თანამედროვე კვების და დარწყულების ტექნოლოგიებს, რასაც თან ახლავს ფრინველში საკვების დაფანტვა-გადახარჯვა და სხვადასხვა დაავადებები, არადა ფრინველს  სათანადო მოვლა-შენახვის პირობები სჭირდება, რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და მოგვცეს ხარისხიანი პროდუქცია. ფინანსური დახმარება ფერმერისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა თავიდანვე სწორად დაგეგმოს საწარმოო პროცესი, გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, საჭიროების შემთხვევაში გააფართოოს წარმოება, რაც შეუმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და გახდის კონკურენტუნარიანს“, - განმარტავს თორნიკე ლაშქარაშვილი.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ლინკს აქ.


დარგის ექსპერტების განმარტებით, თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს ადგილობრივი წარმოებას და ქათმის ხორცის იმპორტის დიდ წილს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს. აღნიშნული მიდგომით ფერმერს სესხის მომსახურების თანხა არ დააწვება მძიმე ტვირთად, მას ექნება მეტი მოტივაცია დაიწყოს საქმიანობა, რომლის წარმატებულად განხორციელებისთვის ეყოლება ორი ძლიერი პარტნიორი - ბანკი და გამოცდილი აგროკომპანია, დანარჩენი კი მის გარჯაზე იქნება დამოკიდებული.