Business news
სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მესამე ნაკადის გამარჯვებულები
ბიზნეს ბლოგი
09 February 2022
visibility 3161

თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მესამე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.


პირველი ადგილი - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მარიამ ქანაშვილმა და გიორგი მესხმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - ნინო შანიძემ და ნინო სირაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

2021 წელს „თიბისი კემპმა“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 უნივერსიტეტი და IV კურსის 90-მდე სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, განიხილავდნენ ბიზნეს-ქეისებს, ბოლო ეტაპზე კი, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს. 

„საინვესტიციო სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის ასეთი საინტერესო და სიღრმისეული პროგრამები იშვიათია. სწორედ ამიტომ, „თიბისი კემპის“ შესახებ როგორც კი გავიგე, ძალიან დავინტერესდი. პროგრამის ყველაზე საინტერესო ეტაპი “ინვესტორების” წინაშე ფინალური პროექტის წარდგენა და ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებაში მათი დარწმუნება იყო. ჩვენ მიერ შერჩეული კომპანიის ანალიზის შემდეგ, იმდენად გვჯეროდა წარდგენილი საინვესტიციო რეკომენდაციის, რომ “ინვესტორების” დარწმუნებაც არ გაგვიჭირდა”, - გიორგი მესხი.



„ფინანსები ადრეული ასაკიდანვე მაინტერესებდა. კონკრეტულად საინვესტიციო სფეროთი კი, უნივერსიტეტში დავინტერესდი. ეს არის მიმართულება, რომელიც სწორი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მე კი მომავალ საქმიანობას სტარტაპებთან საინვესტიციო მიმართულებით მუშაობას ვუკავშირებ”, - მარიამ ქანაშვილი.



“თიბისი კაპიტალის ინფორმატიული ლექციები, ცოდნის გაზიარება და რჩევები ძალიან დაგვეხმარა საინვესტიციო პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესში. კონკურენციის მიუხედავად, მქონდა გამარჯვების მოლოდინი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც საქართველოს 11 ბიზნესსკოლის გუნდებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესოდ გასახელებენ”, - ნინო შანიძე.



„თავდაპირევლად საინვესტიციო მიმართულებით ინტერესი სწავლის პროცესში გამიჩნდა. ახლა კი, „თიბისი კემპის“ ფარგლებში საინვესტიციო შეთავაზებაზე მუშაობამ და არსებული საბაზრო ტრენდების შეფასებამ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დამარწმუნა”, - ნინო სირაძე. 


 

„თიბისი კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. ჩვენი მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით, განათლების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. პროგრამის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულები 1 წელია უკვე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და რეპორტების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.