Success Stories
Phubber App Sillicon Valley-ზე
12 September 2020
visibility 2340

WhatsApp-ის ერთ-ერთმა მეწილემ Phubber-ში ინვესტიცია განახორციელა.

 

WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი და მეწილე იუჟინ ფუქსმანი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ პლატფორმა ფაბერი“ მაშინ დაინტერესდა, როცა სტარტაპის დამფუძნებელს გიორგი ჩუგოშვილს „სილიკონ ველიში“ შეხვდა.



“ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ ჩემთან მოვიდა ადამიანი ძალიან ჩვეულებრივი ჯინსებით და ძალიან კომფორტული ჰუდით. მითხრა, რომ საინტერესო რაღაცას ვაკეთებთ, თვითონ ამ მიმართულებაში ვერ ერკვევა და მისი მეუღლე შეიძლება დაინტერესდეს. სრული შემართებით მივუდექი ჩვენი საქმიანობის ყველა დეტალის ახსნას. 15-20 წუთი ვისაუბრეთ, სავიზიტო ბარათიც მივეცი, შევთანხმდით, რომ მეორე შეხვედრაც გვექნებოდა და დავემშვიდობე. მერე გავიგე, რომ ეს ადამიანი WhatsApp-ის მეწილე აღმოჩნდა…კი, იმ WhatsApp-ის Facebook-მა რომ 19 მილიარდ დოლარად იყიდა და ყველა ჩვენგანის ტელეფონებში რომ არის. არადა, ყველაფერი ერთ დღეს პატარა ოთახიდან დაიწყო”, ასე გაიცნო  გიორგიმ იუჟინ ფუქსმანი, რომელიც დღეს უკვე Phubber-ის ინვესტორია.

 

კომპანიაში  ამბობენ, რომ მოზიდული ინსვესტიცია Phubber-ს  საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და უფრო დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

 

გთავაზობთ ბლოგს, რომელიც გიორგი ჩუგოშვილმა „სილიკონ ველიდან“ დაბრუნების შემდეგ მოამზადა. გიორგი სტარტაპერებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს  უზიარებს:




ფაბერი, ეს სიტყვა ერთი წლის წინ საქართველოში არაფერს ნიშნავდა. დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა, 70,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, 110,000-ზე მეტი ნივთი კატალოგში და მილიონ ლარზე მეტი გადახდილი ჩვენი სელერებისთვის. ეს ის გზაა, რომელიც ბოლო 15 თვის განმავლობაში გავიარეთ. მაგრამ ვერცერთ სცენარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ის გზა იქნებოდა, რომელიც აპლიკაციის გაშვებიდან რამდენიმე თვეში სან ფრანცისკოში ჩაგვიყვანდა, იმ ადგილას, სადაც დაიბადა როგორც იდეა, შეიქმნა და მსოფლიოს წესრიგს ადგენს Google, Facebook, Apple, WhatsApp და Uber. ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, რომელსაც სილიკონის ველის შესახებ სმენია, ამ ადგილს რაღაც მისტიური დატვირთვა აქვს, მოლოდინიც შესაბამისია. ჩვენც ასე ვიყავით. ეს წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოსახვის ნაწილია და შესაბამისად, - გაზვიადებული, მაგრამ არა ბოლომდე. ვეცდები, გაგიზიაროთ 10 გაკვეთილი, რომელიც თბილისში ჩამოვიტანე და ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება:

 

1. მთავარია მასშტაბი

 

თუ თქვენს სტარტაპს არ აქვს შანსი, რომ მისი ღირებულება რამდენიმე წელიწადში 1 მილიარდ დოლარს აცდეს, იქ არაფერი გესაქმებათ, ნუ დახარჯავთ ფულს, დროს და ენერგიას. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგებთ, იქნება „Scale“. ეს არის ადგილი, სადაც ინვესტორები ეძებენ სტარტაპებს, რომლებშიც ჩადებული თანხის მინიმუმ, ოცმაგი ოდენობის ამოღება არის შესაძლებელი სამ  წელიწადში. ლოგიკა მარტივია, ისინი დიდ რისკს წევენ, როდესაც სტარტაპს აძელვენ ფულს. სტარტაპების წარუმატებლობის შანსი ხომ 90%-ზე მეტია. საშუალო Angel investor ან ვენჩერ კაპიტალისტმა იცის, რომ 100-დან სავარაუდოდ 80-ზე მეტი სტარტაპი 2-3 წელში დაიხურება, დაახლოებით 15 დაუბრუნებს ინვესტიციას მცირე მოგებით, ხოლო იმ 5-მა, რომელიც გაამართლებს, უნდა დააკომპენსიროს დანარჩენი 85-ის ზარალი. დარწმუნდით, რომ თქვენს იდეას აქვს ამის პოტენციალი.

 

2. სან ფრანცისკო სტარტაპების სამოთხეა, ოღონდ...

 

ერთ ქალაქშია თავმოყრილი  სტარტაპებში ინვესტირების მსურველების ალბათ 90%, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სტარტაპებში. აქვს ულიმიტო ფულადი რესურსი. პირდაპირი გაგებით, ულიმიტო. 1 მილიონი, 5 მილიონი, 50, 100 მილიონი, მილიარდი, 5 მილიარდი... რა პრობლემაა... მთავარია, დაიჯერონ დამფუძნებლის და ბიზნესის. ოღონდ... ინვესტორების 90% არ აინტერესებს არაფერი, ამერიკის მიღმა. 10%-ს აინტერესებს დიდი ბაზრები ამერიკის გარეთ, როგორიც არის ევროპა, ჩინეთი, იაპონია... 0%-ს აინტერესებს საქართველო. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ბაზარი არის პატარა, აქვს რისკები, 12-საათიანი განსხვავება დროში და ა.შ. ქართული სტარტაპისთვის ამერიკელი ინვესტორისგან ფულის მოიზდივა ასჯერ  უფრო რთულია, ვიდრე ამერიკული სტარტაპისთვის. ეს მოცემულობაა და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.


3. ძალიან ძვირია

 

ყველაფერი ძალიან ძვირია, ბინის ქირაობა დაახლოებით 10-ჯერ ძვირია, ვიდრე თბილისში. საკვები, სასმელი, ყავა - იგივე ციფრები აწერია,  უბრალოდ, ეს ყველაფერი დოლარშია, შესაბამისად, ჩვენთვის სამჯერ ძვირია. Uber არ გეგონოთ Bolt. რუსთაველის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა თავისუფლად შეიძლება დაგიჯდეთ 50 ლარი. კვერცხი ძალიან მიყვარდა, სანამ ყოველ დღე შევიწვავდი, ციმბირული პელმენის იმედად ნუ წახვალთ, წყალში ჩაყრი და ეგ არი... არ იშოვება. ჯანსაღი კვება საკმაოდ ძვირი გამოდის. სახლში მომზადება ყველაზე ოპტიმალურია.

 

4. არასოდეს არ იცი, ვინ გიდგას გვერდით გახუნებულ მაისურსა და უბრალოდ, ჯინსებში

 

რაც უფრო მდიდარია ხალხი, ნაკლებად ეტყობათ ჩაცმულობაზე, ამიტომ ქართულად ნუ იმსჯელებთ. არასოდეს დაიზაროთ ბოლომდე, შემართებით და ანთებული თვალებით მოუყვეთ თქვენს ბიზნესზე ნებისმიერ ადამიანს, არასოდეს იცით, ვინ არის ან ვის იცნობს. მადლობელი ვარ სტარტაპ გრაინდ საქართველოს დირექტორის გიორგი ტუხაშვილის, ამ რჩევისთვის... ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ ჩემთან მოვიდა ადამიანი ძალიან ჩვეულებრივი ჯინსებით და ძალიან კომფორტული ჰუდით, უკვე შენი სხეულის ფორმაზე რომ არის გადაწყობილი მითხრა, რომ საინტერესო რაღაცას ვაკეთებთ, თვითონ ამ მიმართულებაში ვერ ერკვევა და მისი მეუღლე შეიძლება დაინტერესდეს... გიორგისგან დატრეინინგებული, სრული შემართებით მივუდექი ჩვენი საქმიანობის ყველა დეტალის ახსნას. 15-20 წუთი ვისაუბრეთ, სავიზიტო ბარათიც მივეცი, შევთანხმდით, რომ მეორე შეხვედრაც გვექნებოდა და დავემშვიდობე. მერე გავიგე, რომ ეს ადამიანი WhatsApp-ის მეწილე აღმოჩნდა... კი, იმ WhatsApp-ის Facebook-მა რომ 19 მილიარდ დოლარად იყიდა და ყველა ჩვენგანის ტელეფონებში რომ არის, არადა, ყველაფერი ერთ დღეს პატარა ოთახიდან დაიწყო.



5. ყველა ყველას ეხმარება

 

თუ ჩადიხარ, მზად უნდა იყო ყველას დაეხმარო ავანსად, წინასწარ, ყველანაირი მოლოდინის გარეშე. ეს იქაური კულტურაა. იცნობ ვინმეს? დააკავშირე. ფიქრობ პოტენციალია მისთვის სადმე? მოიკითხე, გააცანი. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ასე მოგექცევათ, თუ ძალიან არ ეჩქარებათ. არასოდეს იცი, რას მოგიტანს ერთი პატარა სიკეთე. აკეთეთ ბევრი.

 

6. LinkedIn is the King

 

არანაირი Facebook, არანაირი Instagram, TikTok და Однокласники, სან ფრანცისკოში მეფე არის LinkedIn, პროფესიული სოციალური ქსელი. ამიტომ, მოიყვანეთ წესრიგში. იქ იპოვით ნებისმიერ ადამიანს, შეგიძლიათ მიწეროთ პირდაპირ,  მოკლე ინტროთი, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი საქმე მათთვის საინტერესოა, თუ მართლა რაღაც გაქვთ შესათავაზებელი, შეიძლება წარმოუდგენელად მაღალ დონეზე გაგეღოთ კარი.

 

7. მოძებნეთ ჩვენებურები

 

საკმაოდ ბევრ წარმატებულ ადამიანს შეხვდებით პოსტსაბჭოთა სივრციდან, საუკეთესოები არიან ზაზა ფაჩულია და ჯორჯ არისონი. ზემოთ ხსენებული WhatsApp-ის მეწილეც, წარმოშობით ებრაელია, რუსეთში გაზრდილი, მეუღლე უკრაინელია. რა თქმა უნდა, ამანაც განსაზღვრა მათი ინტერესი: უკრაინაც, რუსეთიც და ისრაელიც ხომ ფაებერის სამიზნე ბაზრებია. ადმიანებმა, ვისაც გამოვლილი აქვთ  საბჭოთა კავშირი, კარგად  იციან, რამდენად რთულია ფეხის მოკიდება ამ საოცარ ქალაქში და რამხელა პოტენციალია აქ. მათ ამოძრავებთ პატრიოტული გრძნობები და ყოველთვის მზად არიან დახარჯონ თავისი ძვირადღირებული დრო, რომ აქედან ჩასულ ადამიანებს დაეხმარონ. ამის ნათელი მაგალითია ასევე სტენ ლევანდოვსკი, წამყვანი იურიდიული ფირმის პარტნიორი, რომელსაც სრულიად შემთხვევით შევხვდით და მას შედმეგ, რაც გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით, დიდი ყურადღება დაგვითმო,  დაგვაკავშირა ადამიანებთან, ვინც მუშაობს ქართველებთან ან გულშემატკივრობს საქართველოს.



8. ყველა „ჩამოსულია“

 

„ძირძველი სილიკონველელი“ ძალიან ცოტაა, ყველა ჩამოსულია, ირგვლივ მრავალფეროვნებაა. იქ ადამიანები არ ერთიანდებიან პასპორტის, DNA-ს, თუ წინაპრების ტრადიციებით. ეს საზოგადოება დგას ტექნოლოგიების, რისკის აღების, სამყაროს შეცვლის და მომავლის შექმნის იდეალებზე და არა აქვს მნიშნველობა, სად გაჩნდი, მთავარია, რას უპირებ სამყაროს.

 

9. ინვესტორების ტიპები

 

არსებობენ რამდნიმე ტიპის ინვესტორები და ინვესტიციის ეტაპები, ამაში კარგად უნდა გაერკვეთ, ვიდრე  მიმართავთ კონკრეტული ინვესტორს.  ყველა ინვესტორს თავისი ინვესტირების ეტაპი, დრო, მასშტაბი და სფერო აქვს. უნდა გამოიკვლიოთ და ისე მიწეროთ, რომ მინიმუმ,  გაღიზიანება არ გამოიწვიოთ, შეიძლება ძალიან მარტივად წინ დაგხვდეთ. არსებობენ  Angel Investor-ები, რომლებიც თავის ფულს აბანდებენ სტარტაპებში, როგორც წესი, ყველაზე ადრეულ და რისკიან ეტაპზე. არიან ვენჩერ კაპიტალისტები, რომლებიც პატრნიორების ფულის დაბანდებაზე არიან პასუხისმგებლები. ისინი იყოფიან ჩვეულებრივ ფონდებად და Early-Stage Seed კაპიტალისტებად, რომლებიც ასევე შედარებით დამწყებ სტატაპებში დებენ ფულს. არიან ფონდები, რომლებიც არ განიხილავენ 5 მილიონზე ნაკლებ პროექტებს.

 

10. სანახავია

 

აუცილებლად სანახავია. კლიმატი არის ძალიან კარგი, ოკეანის სანაპიროა, მაგრამ ნესტი ფაქტიურად არ არის. ჩვენ გაგვიმართლა და მთელი თვე მზიანი ამინდები იყო, ფაქტიურად, ზაფხული თებერვალში. ლანდშაფტი ულამაზესია, გორაკები, ძველი ტრამვაი, ოკეანის ხედი. აუცილებლად ცადეთ, ნახოთ ახლობელი Google-ის ან Facebook-ის რიგებში, რომელიც დაგათვალიერებინებთ კამპუსს და იცოდეთ, რომ ასეთი კომპლექსი გაქვთ შესაქმნელი.



შევაჯამოთ:

  • თუ თქვენი სტარტაპი ტექნოლოგიურია და გლობალური პოტენციალი აქვს, წადით;
  • თუ ამერიკაში იქნება თქვენი ბიზნესი, წადით;
  • თუ მზე, ტექნოლოგიები და პროგრესი გიყვართ, წადით;
  • იცოდეთ, რომ ძვირი სიამოვნებაა;
  • ჯერ დადეთ შედეგი და შემდეგ წადით;
  • გისურვებთ წარმატებებს.